არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის პორტი" არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააჯარიმეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 39 ათასი ლარის ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის პორტი" აზერბაიჯანის მოქალაქე ჩ.ბ.-მ სცადა. მგზავრი ბორნით შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ტრანზიტულად გადაადგილებული, არადეკლარირებული საქონელი მის ბარგში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მოქალაქე ჩ.ბ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით.