„აშშ იმუშავებს უკრაინასთან ერთად, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელებას ხელი შეუშალოს“

„აშშ იმუშავებს უკრაინასთან ერთად, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელებას ხელი შეუშალოს“, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაველ კლიმკინთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალსიტებისთვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში გაიმართა.

ამასთან, პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის ეკონომიკურ და სტრატეგიულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ამავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცალკეული ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსულ გაზზე. „ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იქცნენ მსხვერპლად იმ ტიპის ეკონომიკური და პოლიტიკური მანიპულაციებისა, რომელსაც რუსეთი იყენებდა უკრაიანში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - დასძინა პომპეომ.

როგორც ცნობილია ვაშინგტონი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ღიად გამოდის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ და აქტიურ ნაბიჯებს დგამს მისი ბლოკირებისთვის. ცალკეული ექსპერტების აზრით, აშშ ამ გზით ცდილობს საკუთარი გათხევადებული გაზის მიწოდება მოახდინოს ევროპის ბაზარზე, რომელიც რუსულ გაზზე უფრო ძვირი ჯდება.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზიანი გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 9.5 მილიარდ ევროს და მისი მშენებლობის დაწყება 2019 წლისთვის იგეგმება. ამერიკის მსგავსად პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან ევროპის ცალეკული ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

კოკა კვირკველია