იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.5%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5 პროცენტით აღემატება.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 751.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მლნ. აშშ დოლარს (19.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვაროქტომბერში 4 804.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 912.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 599.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 2 169.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (20.9 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 769.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.7 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 315.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 43.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 2 197.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (19.4 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 512.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.4 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.4 პროცენტი იყო.