სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა - ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.
“ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა როგორც რისკი და მძიმე ტვირთი დაძლეულ იქნას. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მიდიოდეს და ვალების მომსახურების კოეფიციენტი ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას გაუტოლდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობა, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები უნოლდება.
ბახტაძემ მადლობა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს“ გადაუხადა და აღნიშნა, რომ “რომ არა ფონდის მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“.
“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.