"მთავრობის ახალმა ინიციატივამ შეიძლება, გამოიწვიოს უკუეფექტი, რომ მომავალში ადამიანებს აღარ ჰქონდეს სესხების გადახდის მოტივაცია"

„ამან შეიძლება გამოიწვიოს უკუეფექტი, რომ მომავალში ადამიანებს აღარ ჰქონდეს ამ სესხების გადახდის მოტივაცია და იფიქრონ, რომ ოდესმე რომელიღაც მთავრობა ან მდიდარი ადამიანი მოვა და გადაუხდის მათ ამ ვალდებულებებს,“- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილებას უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

„ბევრი ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი, როგორ მოხდება ამ ვალების განულება. განულება ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ეს თანხა, ან კერძო კომპანიებმა, იქნება ეს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ონლაინ-სესხების გამცემი კომპანია, უარი უნდა თქვან ამ თანხაზე. თუ ისეთი კეთილია ფონდი „ქართუ“ ანუ ბიძინა ივანიშვილი, რომ მილიარდ-ნახევარ ლარს იხდის საკუთარი ჯიბიდან, ამაზე ეკონომიკური შეფასება ზედმეტია მემგონი.

წინასაარჩევნოდ ნებისმიერ ასეთი გადაწყვეტილებას უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე ეკონომიკური, თუმცა ჭარბვალიანობა ქვეყნისთვის პრობლემაა. ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ როგორ და რა ფორმით გადაიჭრება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კერძო ფონდი რატომ იხდის ამხელა თანხას იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს აღარ ჰქონდეს ვალი, გაუგებარია. ვინც დღემდე პატიოსნად იხდის თავის სესხს, მათ რა დააშავეს, ესეც ვერ გავიგე. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც აღარ გადაგვეხადა ჩვენი სესხების თანხა და ჩვენც გვეპატიებოდა ოდესღაც. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ცუდი უკუეფექტი, რომ მომავალში ადამიანებს აღარ ჰქონდეს ამ სესხების გადახდის მოტივაცია და იფიქრონ, რომ ოდესმე რომელიღაცა მთავრობა ან მდიდარი ადამიანი მოვა და გადაუხდის მათ ამ ვალდებულებებს,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.

„საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.