არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რაც არ უნდა დიადი მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, ამ ტიპის ადამიანებზე გავრცელდეს მსგავსი შეღავათები,- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის კომენტირებისას აცხადებს.
როგორც შენგელია აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ფარგლებში განხილული არ ყოფილა და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ძალიან სწრაფად მოხდა ამ თემაზე შეხვედრის ორგანიზება.
“პრემიერის ინიციატივას დღეს გავეცანი და ნაწილობრივ მედიის საშუალებით გავიგე რა ხდებოდა. ასოციაციის ფარგლებში არ ყოფილა მოლაპარაკება. ეროვნულ ბანკთანაც მქონდა დღეს კომუნიკაცია და აღმოჩნდა, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება. ამ შეხვედრას ძირითადად ბანკები ესწრებოდნენ, იყო რამდენიმე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც. შაბათს ყოფილა ეს შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. სულ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს დრაფტი ამ შეთანხმების“,- განაცხადა შენგელიამ.
მისივე თქმით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, რომელიც პირველ რიგში ეროვნულ ბანკთან უნდა გაიარონ.
„ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნულ ბანკთან უნდა გავიაროთ. ცალკეული შემთხვევებია გასავლელი. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც არის ფინანსური დანაშაული ჩადენილი ორგანიზაციის წინააღმდეგ და ამაში არიან გარეული ცალკეული მსესხებლები ან მსესხებელთა ჯგუფები. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რაც არ უნდა დიადი მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, ამ ტიპის ადამიანებზე გავრცელდეს მსგავსი შეღავათები. ჯერ ისედაც საკამათო საკითხია, რამდენად სამართლიანია იგივე კეთილსინდისიერ გადამხდელებთან მიმართებაში ეს ინიციატივა. ძალიან ბევრი სკაითხია შესასწავლი“,- განაცხადა შენგელიამ.