საქართველოში რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც კი სამჯერ მაღალი ფასებია ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო ევროპასთან სხვაობა კიდევ უფრო მეტია.
ეს ეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებსაც. ხალხი თურქეთში და ლა მის ევროპაში დადის წამლების მარაგის შესაძენად. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის პრობლემასთან ერთად ფასიც მაღალია. სხვაობა თვალში საცემია არა მარტო ევროპულ ქვეყნებთან, არამედ რეგიონთან შედარებითაც კი. ეს არა მხოლოდ იმპორტირებულ, არამედ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებსაც ეხება. ბაზრის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა კონკურენციის დაბალი დონეც.
საქართველოში ფარმაცევტულ ქსელებში ხშირია გაუგებარი და აუხსნელი ფაქტები. მათ შორის გამოსარჩევია, რომ ე. წ. „ჯენერიკების" ფასი ზოგ შემთხვევაში მათი ორიგინალების იდენტურია და ხანდახან უფრო ძვირიც კი. მსოფლიოში „ჯენერიკების" არსებობის გამამართლებელი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მოსახლეობას შედარებით დაბალ ფასად შეეძლოს მედიკამენტების შეძენა.
გარდა „ჯენერიკისა", მაღალია იმპორტირებული წამლების ფასიც მაგალითად, გერმანიაში 1000 მლგ 120 აბი „ომეგა სამის" ღირებულება 6 ევროს არ აღემატება, თბილისის აფთიაქებში კი იმავე მწარმოებლის 800 მლგ 30 აბი 26 ლარი ღირს.
თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება საქართველოში ძვირადღირებული წამლების შეძენა, რაც, სპეციალისტების აზრით, ჩვენში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მოგების მაღალი მარჟითაა გამოწვეული. სოციალურ ქსელში უკმაყოფილო მომხმარებლები ხშირად წერენ იმ შემთხვევების შესახებ, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავენ. უცხოეთში მედიკამენტები აფთიაქებში მესამედ ან კიდევ უფრო ნაკლებ ფასად იყიდება.
წამლების არაადეკვატურ სიძვირეზე საუბრობს `ბიზნეს-რეზონანსთან~ არასამთავრობო ორგანიზაციის - „გახსოვდეს ჰიპოკრატე" ხელმძღვანელი მარინა ბერაძე, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის საფასო პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალყურს.
„ფასები არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებთან, არამედ რეგიონთან შედარებითაც კი ძალიან დიდია. ამ მხრივ ნამდვილად „მოწინავე" პოზიციას ვიკავებთ. პრობლემის არსი საკანონმდებლო ბაზაა, რომელიც გარანტი იქნება იმისა, რომ ფასები იყოს ხელმისაწვდომი, მედიკამენტები კი ხარისხიანი. უნდა გაკეთდეს ის, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. ეს ნამდვილად არის ის გამოცდილება, რომელიც პირდაპირ უნდა გადმოვიღოთ. ამას არ სჭირდება მორგება გარემოზე, ბაზარზე და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაზე.
როგორც სხვაგანაა საცალო და საბითუმო ფასები გამიჯნული კანონით, როგორც სხვაგან არის, რომ ერთი სუბიექტის ფარგლებში ვერ იქნება საცალო და საბითუმო ვაჭრობა, კლინიკა, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანია, ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. საქართველოში ყველაფერი არეულ-დარეულია და ხდება ინტერესთა კონფლიქტი. ხშირად ყველა სეგმენტი ერთი ადამიანის საკუთრებაა და ამიტომ ცდილობენ, გაატარონ ბიზნესინტერესი და აღარ არიან ორიენტირებულნი პაციენტებზე", - განაცხადა ბერაძემ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მედიკამენტების სია, რომელიც დაბალ ფასად უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას. ნუსხაში 350 დასახელების წამალია, საქართველოში კი მათი რიცხვი მხოლოდ 40-ს შეადგენს.
„თუ სახელმწიფო არ იქნება კერძო ბიზნესის რეგულატორი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაჩნდება ცდუნება, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს კერძო ბიზნესმა. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდება თავისი წევრი ქვეყნებისადმი, რომელთა რიგებში ჩვენც ვართ. მოსახლეობისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები, რომლის სპეციალური სია არსებობს და შედის 350 დასახელების მედიკამენტზე მეტი, ანუ ამდენი წამალი უნდა იყოს ძალიან დაბალ ფასად. ამას იცავს ყველა ქვეყანა, მათ შორის მესამე სამყაროს ქვეყნებიც კი. ჩვენთან კი ეს ჩამონათვალი 40 მედიკამენტს არ აღემატება. განსხვავება აშკარაა.
თუ ეს არის თავისუფალი ბაზარი, მაშინ უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენციაც, თუმცა ყველამ ვიცით, რომ კარტელების გამოისობით მოსახლეობაც და მცირე და საშუალო ბიზნესიც ზარალდება", - აცხადებს მარინა ბერაძე.
ეკონომისტი, პროფესორი პაატა აროშიძე „ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ მაღალი ფასის ეროვნული ვალუტის კურსისათვის დაბრალება არასწორია, რადგან თურქეთში საქართველოზე მაღალი იყო დევალვაცია, მაგრამ მედიკამენტების ფასი არ გაზრდილა.
„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ლირა კატასტროფულად გაუფასურდა, ფაქტია, მოქალაქეებს ეს არ შეხებიათ. მარტივი მაგალითითაც შეიძლება ამის დადასტურება. საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი დადის მედიკამენტების შესაძენად მეზობელ ქვეყანაში. იქ ბოლო თვეების განმავლობაში, მიუხედავად სავალუტო კრიზისისა, 1 ლირაც კი არ მომატებია წამლების ღირებულებას. წარმოიდგინეთ, ჩვენს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში გადასვლა და მედიკამენტბის მარაგის შეძენა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე საქართველოში შეძენა", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძე.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"