თბილისის თავისუფალ ინდუსტრულ ზონაში კიდევ ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულდა.

თუმცა როგორც თბილისი თიზ-ის ხელმძღვანელი გიორგი ტაბიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სულ მალე ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

მისივე თქმით, ამჟამად ხელშეკრულება 6 კომპანიასთანაა გაფორმებული, რომელთაგან ერთ-ერთმა, მედიკამენტების მწარმოებელმა უკრაინულმა კომპანიამ მუშაობა ფაქტობრივად, დაიწყო.

„თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ფართებიც მთლიანად გაქირავებულია 6 კომპანიაზე. მხოლოდ პატარა საწყობი დავიტოვეთ ჩვენთვის. ახლა დაგეგმილი გვაქვს მეორე ლოჯისტური ცენტრის მშენებლობა, რომელიც ახალი წლის შემდეგ დაიწყება. საუბარია დაახლოებით იგივე ტიპის და ფართობის შენობაზე, ანუ 2500 კვადრატულ მეტრზე. ჯერ-ჯერობით პროექტს ახლა ვაკეთებთ და დეტალებს ბლომდე ვერ გეუბნებით. თუმცა, მისი მშენებელობა 6 თვეზე ადრე დასრულდება“,-აცხადებს თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე.

როგორც თბილისი თიზ-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უპირატესობებიდან გამომდინარე, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სანამ მშენებლობა დასრულდებოდა ფართები უკვე გაქირავებული იყო.

„კომპანიების მხრიდან მოთხოვნა ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ, შენობაში ბოლო დეტალებს ვასრულებთ და პარალელურად, ეს კომპანიები თავის საქმეს აკეთებენ. მშენებლობა სანამ დასრულდებოდა, მათთან ხელშეკრულებები მანამდე გაფორმდა“,-აცხადებს გიორგი ტაბიძე.

რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც თბილისი თიზ-ში განთავსდებიან, როგორც გიორგი ტაბიძე აღნიშნავს, ყველა მათგანი საერთაშორისო კომპანიაა და ისინი ექსპორტზე იმუშავებენ.

„შეიძლება ითქვას, რომ მედიკამენტების მწარმოებელმა უკრაინულმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. დანადგარები ჩამოიტანა და ახლა მონტაჟი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მთელ ამ პროცესს მაქსიმუმ ერთი თვე დასჭირდება. გარდა ამისა, ერთია ძვირფასი ლითონების მწარმოებელი კომპანია, სამი არის სასაწყობო, ერთიც ელექრო ავტო კარების მწარმოებელი. ყველა მათგანი ექსპორტზე იმუშავებს. რეალურად, ესენი არიან ადგილობრივი კომპანიები, უბრალოდ დამფუძნებლები ჰყავთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთს ჰყავს უკრაინელი და ქართველი დამფუძნებელიც, ანუ შერეული კომპანიებია“,-აცხადებს გიორგი ტაბიძე.

ნინი ქეთელაური