ფონდი „კონსტანტა“ სახელმწიფოს წართმეული ფინანსების დაბრუნების სანაცვლოდ ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად რამდენიმე მილიონი ლარის გაცემას სთავაზობს, - ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია ნათქვამი.
„კონსტანტას“ იურისტები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების სურვილი.
„ფონდი „კონსტანტა“ მზად არის მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი მოახმაროს სიღარიბისა და ჭარბვალიანობის დაძლევას, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი საზოგადოების მუდმივი გამოწვევა და სახელმწიფოს ამ პრობლემასთან ბრძოლაში ღირებული დახმარება გაუწიოს. ამისათვის ფონდი ითხოვს ერთადერთ რამეს - სამართლიანად გადაწყდეს დავა, რომელიც უკვე მეხუთე წელია, რაც სასამართლოში გრძელდება. ამ დავაში ფონდი ითხოვს 2011 წელს პროკურატურის თანამშრომელთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად ერთ დღე-ღამეში იძულებით წართმეული 12 მილიონი ლარის დაბრუნებას.
ფონდის საქმეზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები არის იმის მცდელობა, რომ დაიფაროს და გამართლდეს წინა ხელისუფლების მიერ 2011 წელს ფონდის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულებრივი ქმედებები. ეს გადაწყვეტილებები ცალსახად ეწინააღმდეგება და არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამ ეტაპზე დავას განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. კანონით განსაზღვრული სამთვიანი ვადა გასულია და ფონდი უკვე მეექვსე თვეა ელოდება დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას.
ფონდი „კონსტანტას“ საქმეში არსებული კანონდარღვევები, აშკარა წინააღმდეგობა უზენაესი სასამართლოს (მათ შორის დიდი პალატის) მიერ დადგენილ პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან იმდენად ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იქნება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს კი, ცხადია, დააზიანებს სასამართლოსადმი ნდობას და ხაზს გაუსვამს შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობას. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ საქმეში არსებული დარღვევები დაფიქსირებულია საქართველოს სახალხო დამცველის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობისა და უცხოელი ექსპერტების მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ ფონდი წლებია იბრძვის წართმეულის დასაბრუნებლად და ამ ბრძოლაში უამრავ უსამართლობას შეხვდა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კეთილგონიერება და სამართლიანობა საქართველოში გაიმარჯვებს და ევროპულ სასამართლოში არ დაგვჭირდება მარტივი ჭეშმარიტებებების მტკიცება იმის შესახებ, რომ საკუთრება უნდა იყოს დაცული, სასამართლო - სამართლიანი, დანაშაული გამოძიებული და რომ წართმეული უნდა დაბრუნდეს“, - ნათქვამია „კონსტანტას“ განცხადებაში.
ფონდ „კონსტანტას“ იურისტები სახელმწიფოს და უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.
„დღეს ფონდის შეთავაზება მარტივია: სახელმწიფომ შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და დააბრუნოს წართმეული, ხოლო ფონდი მზად არის დაბრუნებული თანხიდან რამოდენიმე მილიონი ლარი წარმართოს ჭარბვალიანობისა და სიღარიბის წინააღმდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად იქნა დასახელებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ ხელისუფლებას: ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია დავის დასრულება მხარეთა შეთანხმებით. გამოიჩინეთ კეთილგონიერება და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. ფონდი მზად არის სამართლიან შეთანხმებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოსადმი ნდობის განმტკიცებას, ბიზნესის დაცულობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მივმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს: შეცვლილ იქნეს ქვედა ინსტანციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტკისა და საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით მიღებული გადაწყვეტულებები. დასაშვებად იქნეს ცნობილი ფონდის საჩივარი და მრავალწლიანი დავა სამართლიანი გადაწყვეტილებით დასრულდეს“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.