„მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება"

მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, წარდგენილ პირველად ვარიანტში, 2019 წლის თბილისის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე.

„გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რასაც ოპოზიციის მხრიდან მოჰყვა არაადეკვატური გამოხმაურება. ეს არავის არ გვიკვირს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ყველაფერს.

მე მინდა გაგაცნოთ თბილისის ბიუჯეტის რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი: ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა არის 871 მილიონი, ამაში შედის როგორც ჩვენი მერიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტისგან. ეს ორივე კომპონენტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარით მეტია. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტი ჩვენ გვაქვს 912 მილიონი და აქვე პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმაზე მეტი იყოს ბიუჯეტი ვიდრე მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტია, რათა შევძლოთ მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქისთვის.

ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს, რომ განვახორციელოთ იმაზე მეტი პროექტი, ვიდრე განხორციელდა წელს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კონკრეტული მიმართულებებით დაგეგმილ პროექტებსა და მათ განსახორციელებლად გამოყოფილ თანხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 340 მილიონია გამოყოფილი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 11 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის ხარჯებიც.

"აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები, ესაა 340 მილიონი ლარი. ასევე, აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები, რომელიც 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 327 მლნ. ლარს შეადგენს. ამ თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისთვის და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხარჯები ეკოლოგიური მიმართულებით. 5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება ამისთვის 2019 წელს, წლევანდელ წელთან შედარებით.

ჩვენ ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით და ამას დროდადრო გაგაცნობთ.

მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. ყველაფერი მიდის სწორად, დაგეგმილად, მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, ვიდრე წელს განხორციელდა,"- განაცხადა კახა კალაძემ.