„მალე გვექნება სურათი, როგორ გადავანაწილოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენი ავტობუსის შემოყვანაა საჭირო და საერთოდ არის თუ არა მიკროავტუბუსების საჭიროება"

თბილისის ახალი სამარშრუტო სქემა ძალიან მალე იქნება და გვექნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენი დამატებითი ავტობუსის შემოყვანაა საჭირო, როგორ უნდა იყოს მეტროსთან მიმართებაში, ე.წ. მარშუტკებთან მიმართებაში და საერთოდ არის თუ არა საჭიროება მარშუტკების, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა თბილისში, კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

„გუშინ დაიწყო ე.წ. „ბასლეინების“ დახაზვა გზის ორივე მხარეს, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ 150 000 მგზავრს, რომელიც ამ ქუჩებზე ყოველდღიურად გადადგილდება, შეუფერხებლად და კომფორტულად იმგზავრონ.

თბილისის მერიამ „ბასლეინების” ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს.

ეს სქემა ძალიან მალე იქნება და გვექნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენი დამატებითი ავტობუსის შემოყვანაა საჭირო, როგორ უნდა იყოს მეტროსთან მიმართებაში, ე.წ. მარშუტკებთან მიმართებაში და საერთოდ არის თუ არა საჭიროება „მარშუტკების“ და ა.შ.“-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნულ ქუჩებზე ჩატარებულ და ჩასატარებელ სამუშაოებზეც ისაუბრა.

„ახლახან დასრულდა კოსტავასა და შარტავას, ასევე, მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის პროცესი. ჩატარდა ყოვლისმომცველი სამუშაოები.

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები განახორციელეს თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა „ბლექ სი გრუპმა“ და „ენ სი სიმ“. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამით არ დასრულებულა ამ ქუჩების კეთილმოწყობა. გზაგამყოფები ტრადიციულად ფილებით არ მოპირკეთებულა. გამოვიყენეთ ეს სივრცეები გამწვანებისთვის და ჯამში დაირგო 200 ძირი მერქნიანი მცენარე, ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი 1600 კვადრატულ მეტრზე.

რეაბილიტირებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტით უნდა გაგრძელდეს მუშაობა თითოეული ქუჩის რეაბილიტაციაზე და ეს უნდა იყოს კომპლექსური საკითხი. რა თქმა უნდა, გზის დაგება უფრო მალეც შეიძლება, თუმცა კეთილმოწყობილი ქუჩა არ არის მხოლოდ გზა, ესაა მიწისქვემოთ და მიწისზემოთ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად მოსახლეობის კომფორტზე უნდა იყოს მორგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.