კახა კალაძე - სოფელ დიღომში კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები დღეს დაიწყება

სოფელ დიღომში კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები დღეს დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კალაძის თქმით, დიდი ხანია სოფელი დიღმის მოსახლეობას ეს პრობლემა აწუხებს და მისი მოგვარება წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„სოფელ დიღომში დღეს კანალიზაციის ქსელის პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ტენდერი გამოცხადებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კონკრეტულ ქუჩებზე დასახლებულ პუნქტში კანალიზაციის სისტემა მთლიანად არ არსებობს და ეს ძალიან მძიმეა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მათ ვხვდებოდით და ვესაუბრებოდით, ისინი თავის წუხილსა და პრობლემებზე გვიყვებოდნენ. დაპირება იყო, რომ ამას აუცილებლად მოვაგვარებდით. დღეს იწყება სამუშაოები. საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპად არის დაყოფილი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომაზე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც გააკეთა განცხადება და კონკრეტულ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. ხმალაძის ინფორმაციით, სოფელ დიღომში დაახლოებით 16 კილომეტრიანი კანალიზაციის ქსელი აშენდება და პროექტის ღირებულება 22 მილიონი ლარია.

"კანალიზაციის გარე ქსელის არარსებობა ურთულესი პრობლემა იყო სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის. ჯამში ეს არის 22 მილიონიანი პროექტი, რომელიც დაახლოებით 4 წელიწადში უნდა განხორციელდეს, თუმცა დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის პირველ ეტაპს. დაახლოებით, 3 მილიონამდეა მისი ღირებულება. მომდევნო წლის განმავლობაში მთლიანად განხორციელდება ეს პროექტი და ჯამში აშენდება დაახლოებით 16 კილომეტრამდე ქსელი,"- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.