"შედარებით სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ 3:00 საათიდან 7:00 საათამდე, 7:00 საათიდან აზოტის ოქსიდების შემცველობა ჰაერში მატულობს"

შედარებით სუფთა ჰაერს ჩვენ ვსუნთქავთ 3:00 საათიდან 7:00 საათამდე. 7:00 საათიდან აზოტის ოქსიდების შემცველობა ჰაერში უკვე მატულობს,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.

ლალიაშვილმა ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის კვლევის შედეგები შეფასება. კერძოდ, რამდენად იმოქმედა ტრანსპორტის ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ლალიაშვილის განმარტებით, მათ ჰაერის ხარისხის კონტროლისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები გამოიყენეს. კერძოდ, ერთ ლოკაციის, წერეთლის გამზირზე არსებული მაჩვენებლები.

„ჩვენ ტრანსპორტთან მიმართებაში ჰაერის მთავარი პარამეტრები შევაჯამეთ. ეს არის აზოტის ოქსიდები, co და pm10. კერძოდ, შევადარეთ 2017 წლის აგვისტო-ოქტომბრის მონაცემები წლევანდელი წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს. დამაბინძურებელი მაჩვენებელების მკვეთრი სხვაობა არ იკვეთება, თუმცა გამოიკვეთა, რომ შედარებით სუფთა ჰაერს ჩვენ ვსუნთქავთ 3:00 საათიდან 7:00 საათამდე. 7:00 საათიდან უკვე აზოტის ოქსიდების მაჩვენებელი იწევს და მხოლოდ 00:00 საათიდან იწყებს კლებას. ეს ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი იმ გამოფრქვევებისა, რომელიც მძიმე დაავადების მიზეზი ხდება", - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ოქსიდანტების საშუალო ნიშნული თუ ორმოცი ერთეულია, დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ორჯერ მატულობს.

ლალიაშვილი აცხადებს, რომ ამ შედეგების მიხედვით, კონკრეტულად წერეთლის გამზირზე ტექინსპექტირების რეფორმის შედეგად ჰაერი მკვეთრად არ გაუმჯობესებულა.

ამასთან, ლალიაშვილმა იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რომელიც ტექინსპექტირების კვლევამ გამოამჟღავნა.

მისივე თქმით, კვლევა შვიდ ინსპექტირების ცენტრში ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ტექინსპექტირების რეფორმასთან დაკავშირებით კვლევა სხვადასხვა ფოკუსჯგუფებსაც მოიცავდა.

ლალიაშვილის განცხადებით, შედეგად იკვეთება, რომ არ არსებობს სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც ტექინსპექტირების ცენტრებში პროცესის მართვას და კონტროლს გაუწევს. ეს მექანიზმი დასახვეწია. ასევე, ტექინსპექტირების ბაზები ერთ სტანდარტში უნდა იყოს მოქცეული. მისივე თქმით, გამოიკვეთა პერსონალის კვალიფიკაციის საკითხი და მათი მომხმარებლებთან კომუნიკაციის სისუსტე, ასევე გამოიკვეთა ქრთამის შეთავაზების ფაქტებიც.

ლალიშვილის თქმით, მომავალი წლიდან ტექინსპექტირების რეფორმა მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება და ამ პროცესის მიშვება დაუშვებელია. მისივე განმარტებით, ამ მომენტისთვის ეს პროცესი 80 ათასამდე ავტომობილმა გაიარა და მათგან ხარვეზი ბევრ ავტომობილში გამოვლინდა.