9 თვეში, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო მხოლოდ 5 ავტომობილია დაჯარიმებული

კვლევითმა ორგანიზაციამ „ჯეოველ რისერჩი“ 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის შუალედური მონიტორინგი და შეფასება განახორციელა.მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო დაჯარიმებულია მხოლოდ 5 ავტომობილი.

კვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით, 38 პტი ცენტრის საერთო ბაზის მიხედვით, დაფიქსირდა 84 850 პირველადი ინსპექტირების შემთხვევა. მათი 32% დახარვეზდა, ხოლო მათი 30% არ გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ინსპექტირების ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია ინსპექტორის კვალიფიკაციაზე, კეთილსინდისიერებასა და მონიტორინგის მექანიზმის არსებობაზე. გამოკითხულთა განცხადებით, ინსპექტორებთან ხარვეზებზე თვალის დახუჭვაზე შეთანხმება შეუძლებელია, რასაც უმეტესად უკავშირებენ ინსპექტირების კომპიუტერიზაციის მაღალ დონეს და, ასევე, მეტნაკლებად - ინსპექტორთან მინიმალურ კონტაქტს. ინსპექტორებმა კი აღნიშნეს, რომ მათ ჰქონიათ მომხმარებლებისგან მსგავსი თხოვნები, მათ შორის ქრთამის შეთავაზებაც, თუმცა იშვიათად.

როგორც გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს-ების) ტექნიკური ინსპექტირების პროცესი საშუალოდ 10-20 წუთს გრძელდება. ინსპექტირებას ახორციელებს საშუალოდ 1-3 ინსპექტორი. ინსპექტირებისას მოწმდება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, სამუხრუჭო აღჭურვილობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა, უარყოფითი ზემოქმედება, შასი და მისი შემადგენლები, ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება, საჭით მართვის სისტემა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად, 2019 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს კიდევ ერთი პტი ცენტრი, რომელიც, ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით 51 ტესტირების (48 სტაციონარული და 3 მობილური) ხაზს განალაგებს.

2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით, 38 პტი ცენტრის საერთო ბაზის მიხედვით, დაფიქსირდა 84 850 პირველადი ინსპექტირების შემთხვევა. მათი 32% დახარვეზდა, ხოლო მათი 30% არ გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე.

პტი ცენტრების შენობები და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია. ისინი აღჭურვილნი არიან ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით და ინსპექტირების ხაზებით.

„პტი ცენტრებში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ და ცხელი ხაზის მეშვეობით, თუმცა, მომხმარებლების უმრავლესობა ინსპექტირებაზე ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, თვითდინებით მიდის (გამოკითხულთა 93%). მომხმარებლის მიერ პტი ცენტრის შერჩევა უმეტესად ხდებოდა ლოკაციის (გამოკითხულთა 64%) მიხედვით, ხოლო დატვირთვა ვარირებდა ცენტრის მიხედვით. 2019 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება პტი ცენტრების მიმართვიანობა, რაც, დატვირთვის არათანაბარი გადანაწილების გამო, ზრდის რიგიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს-ების) ტექნიკური ინსპექტირების პროცესი საშუალოდ 10-20 წუთი გრძელდება. ინსპექტირებას ახორციელებს საშუალოდ 1-3 ინსპექტორი. ინსპექტირებისას მოწმდება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, სამუხრუჭო აღჭურვილობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა, უარყოფითი ზემოქმედება, შასი და მისი შემადგენლები, ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება, საჭით მართვის სისტემა. ასევე ხორციელდება დამატებითი ინსპექტირება სპეციფიური ტიპის ასს-ებისთვის. სპეციალური დანადგარების გამოყენება ხდება გამონაბოლქვის, მაშუქების და სამუხრუჭო და საჭით მართვის სისტემების და/ან მათი მახასიათებლების ინსპექტირებისთვის. რესპონდენტების მიხედვით, ინსპექტორებთან ხარვეზებზე თვალის დახუჭვაზე შეთანხმება შეუძლებელია, რასაც უმეტესად უკავშირებენ ინსპექტირების კომპიუტერიზაციის მაღალ დონეს და, ასევე, მეტნაკლებად - ინსპექტორთან მინიმალურ კონტაქტს. ინსპექტორებმა კი აღნიშნეს, რომ მათ ჰქონიათ მომხმარებლებისგან მსგავსი თხოვნები, მათ შორის ქრთამის შეთავაზებაც, თუმცა იშვიათად. კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინსპექტირების ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია ინსპექტორის კვალიფიკაციაზე, კეთილსინდისიერებაზე და მონიტორინგის მექანიზმის არსებობაზე.

გამოკითხული მომხმარებლებისთვის რეფორმის შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს ტელევიზია წარმოადგენდა (35%). გამოკითხულთა 85% თვლიდა, რომ უმეტესად საკმარისად იყვნენ ინფორმირებულები რეფორმის შესახებ. თუმცა, გამოიკვეთა ინფორმაციის ნაკლებობა სპეციფიური დეტალების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, აირბალონის და მისი მოწყობილობის ინსპექტირების აუცილებლობა და მინების დამუქების ინსპექტირებას დაქვემდებარება.

ასევე გამოიკვეთა საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაბალი დონე, რაზეც მათ მიერ ინსპექტირების მოთხოვნების თავიდან არიდების მიზნით სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენება მიუთითებს. ამასვე მიუთითებს პტი ცენტრების მიერ ინსპექტირების სიმკაცრის „შერბილებაც“ - მომხმარებელი არჩევს იმ ცენტრში მისვლას, სადაც უფრო „ლმობიერად“ შეამოწმებენ მის ასს-ს, რაც, ამცირებს რეფორმის ეფექტიანობას და მიზნების მიღწევადობას.

სამაგიდე კვლევამ აჩვენა, რომ რთულია რეფორმის/სექტორის და მასზე პასუხისმგებელი უწყებების პასუხისმგებლობების და რელევანტური მონაცემების შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის მოძიება. ასევე არასრულყოფილია მონიტორინგის სისტემა, რომელიც ამჟამად სამი სახის არის: 1) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის ვადის განმავლობაში განხორციელებული გეგმიური ვიზიტები პტი ცენტრებში, 2) აკრედიტაციის ცენტრში შესული მიმართვების საფუძველზე არაგეგმიური ვიზიტები პტი ცენტრებში, და 3) პტი ცენტრების მიერ საკუთარი სერვისის ნებაყოფლობითი ხარისხის მონიტორინგი მისტიური მომხმარებლის საშუალებით. სრულყოფილი მონიტორინგის სახელმწიფო მექანიზმი ამჟამად შემუშავების პროცესშია.

ამჟამად პტი ცენტრები ინსპექტირებული ასს-ების შესახებ აწარმოებენ რამდენიმე დამოუკიდებელ ბაზას. ამასთან, ბაზებში აღირიცხება მხოლოდ ინსპექტირების შემთხვევების რაოდენობა, პირველადი და განმეორებითი კატეგორიებით, სადაც პირველად ინსპექტირებაში ხვდებიან ის ასს-ებიც, რომელთაც ვერ გაიარეს განმეორებითი ინსპექტირება და ხელახლა მოუწიათ ფასიანი ტესტირება. ამ ეტაპზე ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ავტოპარკის რა ნაწილმა გაიარა სავალდებულო ინსპექტირება, ვინაიდან, კვლევის ფარგლებში შეუძლებელი იყო ყველა ბაზის მოპოვება. ამ მაჩვენებლის დადგენა ამჟამად შეუძლებელია ასს-ების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე. დამატებით, შედარებით მსუბუქი და მეტად საფრთხის შემცველი ხარვეზები თანაბარმნიშვნელოვნად აღიქმება, რაც ქმნის გაურკვევლობას ინსპექტირების შედეგების და აღსრულების ნაწილში.

შსს-ს განზრახული აქვს, 2019 წლის იანვრიდან აღსრულების პროცესის ადმინისტრირება ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ გამოყენებით მოახდინოს. ეს კამერები მხედველობის არეალში მოხვედრილ ყველა ასს-ს სარეგისტრაციო ნომერს ბაზაში გადაამოწმებენ და ავტომატურად გამოუწერენ ჯარიმას შესაბამის პირებს.

ასს-ს ამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობის ინსპექტირების პერიოდებს შორის კონტროლი აღსრულების მექანიზმის საშუალებით რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან გამოწვევად და საჭიროებად დასახელდა. შსს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო დაჯარიმებულია მხოლოდ 5 ავტომობილი. ასევე საინტერესოა, რომ თბილისთან შედარებით, რეგიონებში აღინიშნება მეტი დაჯარიმება ინსპექტირებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე. გამონაბოლქვის საგზაო კონტროლი გამოწვევად რჩება, ვინაიდან, საჭირო აღჭურვილობის გარეშე, პატრულის ეკიპაჟისთვის შეუძლებელია გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონის დადგენა. ამასთან დაკავშირებით, შსს ამჟამად მუშაობს ინიციატივის შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც პატრულის ეკიპაჟებს ექნებათ შესაძლებლობა, გამონაბოლქვში დამაბინძურებელი აირების მაღალი შემცველობის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველზე, ასს-ები შემოწმებაზე პტი ცენტრებში გადაამისამართონ,“ - ნათქვამია „ჯეოველ რისერჩის“ ანგარიშში.

სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმა 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო, ხოლო ბოლო ეტაპი 2019 წლის იანვრიდან შედის ძალაში, როდესაც პტი სავალდებულო გახდება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის. არსებული გამოწვევებისა იდენტიფიცირებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან ერთად, დაიქირავა კვლევითი ორგანიზაცია ჯეოველ რისერჩი, რომელმაც განახორციელა რეფორმის შუალედური მონიტორინგი და შეფასება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.