სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი - „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ დაემატება

2019 წლის 1-ელი იანვრიდან, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ამუშავდება ახალი საგრანტო კომპონენტი ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული ინიციატივა ითვალისწინებს ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ.

„ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრები.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2018 წლის 6 ივნისს.

გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე, თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოების და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის ბენეფიციარები შეუძლია გახდეს - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი; აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე), აგრეთვე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება:

ა) 7 000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ბ) 15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

გ) 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დ) 35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას /ქართულ ან აფხაზურ ენებზე. განაცხადი შედგება აუცილებელი, შესავსები ველებისგან და თავისუფალი ტექსტის ფანჯრისგან. შერჩევის მეორე ეტაპზე კი, ხორციელდება ბიზნესგეგმების განხილვა/შეფასება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. შერჩევის პროცედურები განხორციელდება გამყოფ ხაზთან მიმდებარე რუხის ცენტრში განთავსებულ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სერვის ცენტრში.

პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი პროექტით (ბიზნესგეგმით) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (აღჭურვილობის/მანქანა-დანადგარების) და საბრუნავი საშუალებების შესაძენად, საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.