"დღევანდელი მოლაპარაკებები დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა"

დღეს ჩვენ გვქონდა კონკრეტული მოლაპარაკებები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ყველაზე მწვავე გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ისეთს, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ეს ისტორიული დღეა. პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რაც უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრას გულისხმობს.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს, როგორც წარმატებულ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, საშუალება მოგვცეს, რომ ახალი ფორმატი გვქონოდა. მინდა პირადად პრეზიდენტ იუნკერს გადავუხადო მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ დღეს პლატფორმა გაგვიჩნდა, სადაც შეგვიძლია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ გავხადოთ ევროპულ გზაზე საქართველოს წარმატება უფრო ხელშესახები და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა განზომილებაში.

დღეს ჩვენ გვქონდა კონკრეტული მოლაპარაკებები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ყველაზე მწვავე გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ისეთს, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ექსპორტი უფრო ფართოდ იყოს ევროკავშირის ბაზარზე წარმოდგენილი.

იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვიწყებთ განათლების სისტემაში და ჩვენი მიზანია, რომ განათლების სექტორის ევროპულ სტანდართებთან სრული ჰარმონიზაცია მოვახდინოთ. ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ მივცეთ ჩვენს სტუდენტებს უფრო ფართო შესაძლებლობა, რომ განათლება მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულებაში კონკრეტული დღის წესრიგი გვქონდეს, რათა ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ბრიუსელში ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები მონაწილეობდნენ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია.