ახალციხისა და ადიგენის რაიონების სოფლების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

ახალციხისა და ადიგენის რაიონების სოფლებში 7960 აბონენტის ენერგომომარაგება უმჯობესდება.

"ენერგო-პროს" ინფორმაციით, ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" დაიწყო ქსელის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება აღნიშნულ რაიონებში.

სამუშოების შედეგად, ახალციხის რაიონის სოფლების – სხვილისი, აწყური, ბოგა, სვირის და მიმდებარე 22 სოფლის 2620 აბონენტის და ადიგენის რაიონის სოფლების – არალი, უდე, დაბა ადიგენი, ზარზმა, დერცელის და მიმდებარე 50 სოფლის 5340 აბონენტის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური და ხარისხიანი გახდება.

ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაზრდისა და ავარიული გათიშვების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, ახალციხის და ადიგენის მაღალი ძაბვის ფიდერებზე სარეაბილიტაციო სამუშოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად მონტაჟდება 51 მაღალი ძაბვის ხის და 44 რკინაბეტონის ელექტროგადამცემი საყრდენი და იცვლება 10 000 მეტრი სიგრძის 10 კილოვოლტიანი ხაზი. ქსელის სარეაბილიტაციო პროექტი სავარაუდოდ ორ თვეში დასრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ძაბვის ქსელში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მნიშვნელოვნად ამცირებს შესაძლო ავარიულ გათიშვებს და ელექტროენერგიის მიწოდების სტაბიილურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ავარიული და უამინდობით გამოწვეული გათიშვების თავიდან აცილების და მთლიანად აღმოფხვრის მიზნით, კომპანიაში აქტიურად ტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალი ძაბვის ქსელში.