ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს იდეას თეთრ სახლში გერმანული ავტოკონცერნების Volkswagen-ის, BMW-ს და Daimler-ის ხელმძღვანელები მოიწვიოს, რათა ევროკავშირთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მუშაობა დაჩქარდეს.ამის შესახებThe Wall Street Journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს. აღნიშნულ შეხვედრაში ამერიკის მხრიდან მონაწილეობის მისაღებად მზად არიან ვაჭრობის მინისტრი უილბორ როსი, ამერიკის წარმომადგენელი სავაჭრო მოლაპარაკებებში რობერტ ლეიტჰაიზერი და პრეზიდენტის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი ლოურენს ქადლოუ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეთრ სახლში შეხვედრაზე საუბარი შეეხება კომპანიების მხრიდან შტატებში წარმოების გაზრდას და მანქანების მაკომპლექტებელი ნაწილების საწარმოების შტატებში გადატანის შესაძლებლობას, რათა იმპორტირებულ ნაწილებზე დამოკიდებულება შემცირდეს.
აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან გერმანელი ავტომწარმოებლები, არგუმენტად კი მოჰყვათ ფაქტი, რომ მათ 2009 წლიდან ისედაც გააოთხმაგეს ავტომობილების წარმოება შტატებში და დღეს ამ მაჩვენებელმა 804,2 ათას ერთეულს მიაღწია წელიწადში. ეს კი შტატებში წლიურად წარმოებული ყველა მსუბუქი ავტომობილების 7,4%-ია.
გამოცემის წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი შეხვედრაზე კვლავ აპირებს წამოწიოს იმპორტირებულ ავტომობილებზე დაწესებული საბაჟო ტარიფების საკითხი. ასევე, აპირებს ზეწოლა მოახდინოს გერმანელ მწარმოებლებზე, რათა მათ დაარწმუნონ ბერლინი, რომ ბრიუსელისგან ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება დააჩქაროს.
„პრეზიდენტს არ სურს საბაჟო ტარფების გაზრდა, მაგრამ ამავდროულად ის ვერ ხედავს ბრიუსელის მხრიდან ვერანაირ ქმედებას და იძულებული გახდება ამ ბერკეტს მიმართოს“ - განმარტავს გაზეთის წყარო.
კოკა კვირკველია