"ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით იზრდება"

"20 ნოემბრის მდგომარეობით მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა სულ 992 ათასს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიონს გადააჭარბებს",- ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღის წინ საცობში მოვყევი. ბუნებრივია, ნერვები მომეშალა და დავინტერესდი ავტომობილების რაოდენობის სტატისტიკით.

სიტუაცია ასეთია, 20 ნოემბრის მდგომარეობით მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა სულ 992 ათასს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიონს გადააჭარბებს.

2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი 349 ათასი(!) მსუბუქი ავტომობილით გაიზარდა. ანუ, საშუალოდ, ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით იზრდება.

189 000-ით გაიზარდა მათი რიცხვი ვისაც მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს; 51 ათასით გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც 2 ავტომობილი ჰყავს; 12 ათასით გაიზრდა მათი რიცხვი ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავს.

ამ სტატისტიკიდან 2 ამბავი გამომდინარეობს.

პირველი არის ის, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობების ტემპების დაჩქარებაზე როგორც ქალაქის, ისე, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით. აუცილებელია ავტომობილების რაოდენობის არანორმალურ ზრდას ფეხი ავუწყოთ და, შესაბამისად, ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდეს საზოგადოებრივ საჭიროებებს. შესაბამისად, ბიუჯეტში არსებული ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, რესურსები უნდა გადაიქაჩოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. სწორედ ინფრასტრუქტურული ხარჯები არის ყველაზე ეფექტიანი როგორც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების თვალსაზრისით, ისე დასაქმების თუ სხვა მაჩვენებლების სწრაფად გაუმჯობესების კუთხით.

მეორე ამბავი არის ის, რომ მოსახლეობა წლიდან წლამდე უფრო აქტიურად ყიდულობს ავტომობილებს. შესაბამისად, ასხამს საწვავს, იყენებს ავტოსერვისს და, ზოგადად, ფულს ხარჯავს ავტომობილების ექსპლუატაციისთვის. ეს ნიშნავს, იმას, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება და უფრო მეტ მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებისა, ფული დახარჯოს ფუფუნების საგნებზე - ამ შემთხვევაში ავტომობილებზე",-წერს ანდრია გვიდიანი.