ქართული მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ "აეროფლოტს" ფრენებზე უარი ეთქვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე იმედოვნებს, რომ რეგულარული რეისები რუსეთის ფედერაციასთან უახლოეს მომავალში აღდგება.

ამასთან, მიქელაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ "აეროფლოტს" საქართველოში ფრენებზე უარი ეთქვა.

"საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ რეგულარული რესიების აღდგენაზე სამუშაოებს ვაგრძელებთ. იმედი გვაქვს, რომ რეგულარული რეისები რუსეთის მიმართულებით აღდგება", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რეგულარული რეისები რუსეთის ფედერაციასთან 2005 წლიდან რუსეთის ინიციატივით ცალმხრივად შეწყდა და მას შემდეგ მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა. რაც შეეხება კომპანია "აეროფლოტს", იგი ჩარტერულ რეისებს არ ახორციელებდა.

ნათია მიქელაძის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკვე არის შემხვედრი ნაბიჯები და მათაც აქვთ სურვილი, აღდგეს საქართველოსთან რეგულარული ავიარეისები.

რუსულმა სააგენტოებმა გუშინ გაავრცელეს "როსავიაციის" განცხადება, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) "აეროფლოტს" უარი უთხრა თბილისში რეგულარული ავიაგადაზიდვების განხორციელებაზე. ამის მიზეზად დასახელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ნოტა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.