მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევების გადასამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფისთვის ამ დრომდე არც ერთ პაციენტს არ მიუმართავს.
კლინიკური ფარმაკოლოგიის ჯგუფის ინფორმაციით, უწყება საკითხის შესწავლის მიზნით, შიდა მოკვლევას ახორციელებს. ლუიზა გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში პოლიფარმაციის შემთხვევები კვლავ ფიქსირდიბა, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.
„ჩვენ დავიწყეთ შიდა კვლევის საფუძველზე, ელექტრონული რეცეპტების სისტემის გზით ატვირთული დანიშნულებების შესწავლა. რაც გავიარეთ, გამოიკვეთა, რომ რეცეპტების გამოწერისას კვლავ პრობლემად რჩება პოლიფარმაციიის, ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევები. ეს არც არის გასაკვირი, სწორედ მაგიტომ შეიქმნა ეს პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფი. კვლევის ანალიზი ამ კვირაში დასრულდება და სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, გატარდება ღონისძიებები, რომელიც გადაჭრის ამ საკითხებს.“-აცხადებს ლუიზა გაბუნია.
მისივე განმარტებით, მოქალაქეების პასიურობის მიზეზი პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფისთვისაც უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმების შესაძლებლობა 16 ივლისიდან მიეცათ. მსურველებს დანიშნულების შემოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ან ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან შეუძლიათ.
ქრისტინე გამთენაძე