კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ სესხების განულებასთან დაკავშირებით, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე წნეხი ან დაძალება არ ყოფილა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ სესხების განულებასთან დაკავშირებით ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე რაიმე წნეხი ან დაძალება არ ყოფილა.

ასე უპასუხა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასმულ შესაბამის კითხვას.

„შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ბანკმა მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღო. უბრალოდ განაცხადეს, რომ არ სურდათ ეს გარიგება. როცა მათ ჰქონდათ შეხვედრა ფონდ „ქართუსთან“, თქვეს, რომ ამაში მონაწილეობის მიღება არ სურდათ და ეს პრობლემა არ არის. ასევე არ მოისურვეს მონაწილეობა ამაში ონლაინ-კომპანიებმა. ვფიქრობ, რაიმე წნეხი ან დაძალება არ ყოფილა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.