ევროკავშირმა და ბრიტანეთმა შეთანხმების პროექტი მოამზადეს

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა იმ ხელშეკრულების ტექსტი შეათანხმეს, რომელიც ბრექსიტის შემდგომ, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი წერს, რომ ამ შეთანხმებით, გზა გაეხსნა ბრიტანეთ-ევროკავშირის სამმიტს (კვირას გაიმართება), რომელზეც ორივე მხარის ლიდერები შეთანხმებას მოიწონებენ.

ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან 2019 წლის მარტში გავა. ორივე მხარის დიპლომატები ცდილობენ, რომ გაყრა შეთანხმებულად განახორციელონ, რათა მათმა ეკონომიკებმა ნაკლებად იზარალოს და მათ შორის სამომავლო ურთიერთობებს, ორმხრივად სასარგებლო ხასიათი ჰქონდეს.

ევრო კომისიასა და ბრიტანეთს შორის შეთანხმების ტექსტის მომზადების შესახებ ინფორმაცია, პირველმა „როიტერსმა“ გაავრცელა და ის მოგვიანებით ტუსკმა თავის „ტვიტერზე“ განცხადების გამოქვეყნებით დაადასტურა. როიტერსის ინფორმაციით, ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ ბრიტანეთი და ევროკავშირი „ამბიციური, ფართომასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე თანხმდებიან“. ამასთან, ეს თანამშრომლობა ყოვლისმომცველი იქნება და თავისუფალ სავაჭრო ზონებსაც მოიცავს. რაც მთავარია, იქნება თანაბარუფლებრივი“.

ტექსტის მიხედვით, „ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობა, ევროკავშირის ერთი ბაზრის და საერთო საზღვრის, ასევე ბრიტანეთის შიდა ბაზრის პატივისცემასა და ინტერესთა გათვალისწინებას დაეყრდნობა და პატივს სცემს ბრიტანეთის დამოუკიდებელ სავაჭრო ინტერესებს“.

ევროკავშირიდან ბრიტანეთი ოფიციალურად 29 მარტს გავა. ამის შემდეგ დაიწყება გარდამავალი პერიოდი, რომელიც შეთანხმების პროექტის მიხედვით, ერთი ან ორი წელიც კი შეიძლება გაგრძელდეს.