რა ქონებას ფლობს საპენსიო სააგენტოს დირექტორი

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე სექტემბერში დაინიშნა, მანამდე სურგულაძე საქართველოს რკინიგზაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, სადაც 2017 წელს ხელფასის სახით 62 400 ლარი აიღო.14 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან სურგულაძე თბილისში 30 და 57 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლებს ფლობს.

მის საკუთრებაშია ასევე 2000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში. გარდა ამისა, სურამში მის მფლობელობაშია 963 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი, სადაც 500 კვადრატული მეტრის ფართობის სახლია განთავსებული.

სურგულაძის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Land Rover-ის 2011 წლის გამოშვება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 7 813 ლარი, 30 019 დოლარი და 1000 ევრო ჰქონდა.

ცნობისათვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ფინანსთა სამინსიტრომ ვაკანსია მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც სულ 70 განაცხადი შევიდა. ვაკანსიის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო - 10 000-დან 15 000 ლარამდე იყო განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ლევან სურგულაძე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. ჯგუფი 2014 წელს ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაფუძნდა და ჰოლდინგური ტიპის გაერთიანებას წარმოადგენს. ჯგუფის წევრი კომპანიებია: „კავკასუს პეინტს“;

„კავკასიის ავტოიმპორტი“; „კავკასიის ავტოსერვისი“; „კაუკასუს აუტო ექსჩეინჯ“; „კავკასიის საესქსპედიტორო კომპანია“; „კაუკასუს კრედიტი“; „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისის“; “CFS Legal გულედანი და პარტნიორები”; „კაუკასუს რეალ ესთეით“ და „ომიკრონსოფტ“. ეს კომპანიები სხვადასხვა ბიზნეს სექტორში წარმატებით მუშაობს. მათ შორისაა ავტომობილების იმპორტი, საპორტო და სატერმინალო მომსახურება, საავტომობილო საბაჟო ტერმინალების და საწყობების ოპერირება, რეგიონალური და საერთაშორისო გადაზიდვები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, ბიზნეს და სამოქალაქო სამართალში იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონება და ა.შ.

ამასთან, რეესტრის მონაცემებით, სურგულაძე ფლობს რამდენიმე კომპანიის წილს. კერძოდ, სურგულაძის საკუთრებაშია: შპს „კავკასიის ავტოსერვისის“ 28.335%-იანი; შპს „კაუკასუს პეინტსის“ 25% -იანი და შპს „კაუკასუს რეალ ესთეითის“ 28.335%-იანი წილები.

ლიკა ამირაშვილი

ლიკა ამირაშვილი