ტრამპმა G20-ის სამიტზე ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება არ გამორიცხა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება არ გამორიცხა.

პრეზიდენტმა შესაძლო თარიღიც დაასახელა - დიდი ოცეულის სამიტი, რომელიც ბუენოს-აირესში 30 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება, - წერს „როიტერსი“.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთს ძალიან უნდა სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება საბაჟო ტარიფების გამო. ჩვენც მზად ვართ“, - აცხადებს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება პალმ-ბიჩში (ფლორიდაში) საკუთარ რეზიდენციაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მანამდე ჩინურმა გაზეთმა South China Morning Post-მა დაწერა, რომ ჩინეთის ლიდერის სი ძიან პინისა და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტის დასრულებისთანავე, სამუშაო სადილის ფორმატში 1-ელ დეკემბერს გაიმართება.

კოკა კვირკველია