”საქართველოს ბანკმა” დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა შექმნა

VEGA საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღებას უზრუნველყოფს.

როგორც ბანკში აცხადებენ, ”საქართველოს ბანკის” გადაწყვეტილება, დააარსოს დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა, განპირობებულია ბანკის სურვილით, დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

VEGA-ს დახმარებით ბიზნესის დაწყება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი სამი თვის განმავლობაში, იდეების ავტორები გადიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსებს. საგანმანათლებლო ეტაპის შემდეგ, დაიწყება იდეის დახვეწის პერიოდი და კომერციულად გამართლებული ბიზნესგეგმის მომზადება. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს, მონაწილეები წარმოადგნენ დეტალურ ბიზნესგეგმას საგანგებოდ შეკრებილი კომისიის წინაშე და შეირჩევა პროექტები, რომლებიც VEGA-სგან საწყის კაპიტალს მიიღებენ.

როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ”საქართველოს ბანკის” მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

”საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, VEGA ღიაა ნბისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება. VEGA-ში მოსახვედრად იდეის ავტორმა უნდა ატვირთოს საკუთარი იდეა ვებგვერდზე www.vegalab.ge. ყველაზე საინტერესო იდეების ავტორები მიწვეული იქნებიან მათი ჩანაფიქრის წარსადგენად. სულ განიხილება 50-მდე მონაწილის მიღება.