საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხზე კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება

დიზელის საწვავის ხარისხზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

ამის შესახებ მთავრობის 16 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

მათ შორის დადგენილების თანახმად, შეიზღუდება დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა, რაც დიზელის საწვავთან დაკავშირებით მთავარი პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან გოგირდის შემცველობის ნორმა იქნება არაუმეტეს 10 მილიგრამისა. შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა 100 მილიგრამია, ხოლო 2019 წლიდან ეს ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამი გახდება.

„ 2020 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51-ისა; გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა; სიმკვრივე 15°C – არაუმეტეს 845 კგ/მ3-ისა; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი კი – არაუმეტეს 11%-ისა უნდა იყოს,“- აღნიშნულია დადგენილებაში.

ცნობისთვის, როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, სანქცია 10 000 ლარი, ხოლო რეალიზაციისას თუ ხდება ისეთი საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, ფულადი სანქცია 8 000 ლარია.