პარკირების ადგილის კომერციული გამოყენებისთვის შესაძლოა, სპეციალური საფასური დაწესდეს - იდეა მერს

პარკირების ადგილის კომერციული გამოყენებისთვის შესაძლოა, განსხვავებული საფასური დაწესდეს. ამ იდეას დედაქალაქის მერს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 282 მიმდინარე, 225 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც ქალაქში პარკირების ადგილის კომერციული მიზნით გამოყენებაზე მიდგომების გამკაცრებას გულისხმობს.

„ქალაქის მაშტაბით უამრავი საპარკინგე ადგილია, რომელიც კომერციულ პირებს თვითნებურად აქვთ მითვისებული. უმეტესობას ბლოკირებული აქვს საპარკინგე ადგილები ან/და მოსახლეობას არ აძლევს მანქანის დაპარკინგების საშუალებას, ეს იწვევს ხშირად ჩხუბს კამათს და ზოგჯერ ხელჩართულ დაპირისპირებასაც მოქალაქეებს შორის. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს: კომერციულ პირებს ის რომ მანქანის გაჩერებით მათ ხელი ეშლებათ გაყიდვებში, ხოლო მოქალაქეებს კი ის რომ მათ გადახდილი აქვთ პარკირების საფასური და რეალურად ამ უფლებას ვერ იყენებენ.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად შევიდეს ცვლილება შესაბამის კანონმდებლობაში და კომერციულ პირებს, რომლებიც საპარკინგე ადგილებს თავიანთი კომერციული საქმიანობისთვის უკანონოდ იყენებენ, მათი გამოყენების უფლება გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ მიეცეთ. საფასურის გადახდის შემდეგ კი, შესაბამისმა მარეგულირებელმა ეს ადგილები მონიშნოს (დახატოს) სპეციალური ნიშნებით, რათა მოქალაქეებმაც იცოდნენ, რომ ასეთ ნიშნებზე გაჩერება მხოლოდ კომერციულ პირის თანხმობისას იქნება ნებადართული.

ამასთან, ის პირები ვინც წელიწადში ერთჯერად იხდის 50 ლარს და შემდეგ მთელი წელი მანქანას პარკირების ადგილზე აჩერებს და კომერციული საქმიანობისთვის იყენებს, უფრო მეტ თანხას უნდა იხდიდნენ,“-აღნიშნულია განაცხადში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 15 იანვარს იწურება

ცნობისთვის, დედაქალაქში პარკირების სისტემის ცვლილებას მერიაც გეგმავს. კერძოდ, დაგეგმილია რომ მომავალი წლიდან საათობრივი და ზონალური პარკირება ამოქმედდეს.