„საქართველოს რკინიგზა“ ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს

„საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, მომავალი წლიდან 50%-იანი შეღავათით კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს.

როგორც „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან, შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას, ვეტერანებს დღეს,14:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები გააცნობენ“, – აცხადებენ სს „საქართველოს რკინიგზაში“.

მათივე ინფორმაციით, პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს.