სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორებისთვის ახალი ვალდებულებების ამოქმედდება 15 იანვრამდე გადავადდა

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე გადავადდა.საუბარია, მთავრობის 1-ლი ოქტომბრის დადგენილებაზე, რომელშიც მათ შორის გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორებს მოუწევთ. 

მათ შორის რეგლამენტის ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, იმპორტიორი ვალდებული იქნება, ბაზარზე მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი განათავსოს, რომელსაც ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ერთვის თან. ეს ინფორმაცია კი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე უნდა იყოს მითითებული.

ამასთან, რეგლამენტი ავალდებულებს იმპორტიორს, რომ სამშენებლო პროდუქტზე საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია დაიტანოს. იმ შემთხვევაში კი თუ სამშენებლო პროდუქტის სახეობის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო ეს შეუძლებელია, მითითებული ინფორმაცია პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაზე უნდა იქნეს დატანილი.

„იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

იმპორტიორი ვალდებულია, დეკლარირებული თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ნიმუშის გამოცდა. ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. იმპორტიორი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან. აუცილებლობის შემთხვევებში იმპორტიორი ვალდებულია, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, იმპორტიორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ,“-აღნიშნულია რეგლამენტში.

მთავრობის დადგენილების მოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე შეჩერებულია.