თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა.
კერძოდ, მერიის მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „დელოიტი და ტუშმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, კომპანია დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლის მიზნით, 171 100 ლარს მიიღებს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კვლევის მიზანია, თბილისში არსებული და ახალი სამიზნე ეკონომიკური სექტორების/საქმიანობების საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა. კვლევის შედეგად უნდა გამოვლინდეს იმ სექტორების ჩამონათვალი, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გააჩნია საინვესტიციო მიმზიდველობა და შესაბამისად, მოხდება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება.
რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, შპს „დელოიტი და ტუში“ არის „დელოიტ დსთ ჰოლდინგ ლიმიტედის“ წევრი კომპანია. „დელოიტ დსთ ჰოლდინგ ლიმიტედი“ კი „დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის“ წევრი კომპანიაა. „დელოიტმა“ საქართველოს ბაზარზე პროექტების განხორციელება 1995 წელს დაიწყო, ოფიციალური ოფისი კი 2001 წელს დააფუძნა. კომპანია ახორციელებს: აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო, კორპორატიული ფინანსების, რისკების მართვის და სხვა მსგავს მომსახურებას 150-ზე მეტ ქვეყანაში. „დელოიტის“ 2017 ფინანსური წლის შემოსავალმა 38.8 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
რეესტრის მიმდინარე წლის ივლისის ამონაწერის თანახმად, შპს „დელოიტი და ტუშის“ 48%-იან წილს ოფშორში რეგისტრირებულ „დელოიტი და ტუში რიჯინალ კონსალტინგ სერვისის ლიმითიდს“; 26%-26%-იანი წილები კი სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ჟაკ სტრაიდომსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯონ ჯეიმს უილლიამ რობარტს ეკუთვნით; ხოლო კომპანიის დირექტორი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯონ ედუარდ რობინსონია.
ცნობისთვის, „დელოიტის“ საქართველოს ოფისში 2017 წლის მონაცემებით, 78 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო კომპანიის შემოსავლებმა 4,855,473 ლარი შეადგინა.