ინვესტიციებით ბოლო ადგილზე ვართ, ვალებით - ერთ-ერთ პირველზე

”კერძო ფულადი გზავნილები უკვე მკვეთრად აღემატება ინვესტიციების მოცულობას, არადა პირიქით იყო”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, რეგიონის მასშტაბით საქართველო შემოსული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა, საგარეო ვალის მოცულობით კი მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩება. 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოშო 260 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო მეზობელ სომხეთში 488,5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, აზერბაიჯანში კი 1.9 მლრდ დოლარის უცხოური კაპიტალი შევიდა. რაც შეეხება საგარეო ვალს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს საგარეო ვალი 6.1 მლდრ დოლარს შეადგენს, სომხეთის 3.8 მლრდ-ს, ჩვენი მთავრობის საგარეო ვალი კი 4.1 მლრდ დოლარია.

სომხეთში უცხოური ინვესტიციების მატებას ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ამ ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მზადებას და რუსული კაპიტალის ზრდას უკავშირებენ, აზრებაიჯანის დიდ საგარეო ვალს კი სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის პირველ კვარტალში 260 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებს - 15%-ით, ხოლო მეორე კვარტლის წინასწარ მონაცემებს 20%-ით აღემატება. შარშან პირველ კვარტალში ქვეყანამ 226 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო, 2012 წელს - 261 მილიონი დოლარი, ხოლო 2011 წელს - 2010 მილიონი დოლარი.

2014 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების სია ასეთია: პირველ ადგილზეა ნიდერლანდები. ამ ქვეყნიდან ინვესტორებმა საქართველოში 73 მილიონი დოლარი დააბანდეს. ეს კი მთლიანი ინვესტიციების 28%-ია. უკვე რამდენიმე წელია ნიდერლანდები საქართველოს პირველი ინვესტორის სტატუსს ინარჩუნებს.

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, მეზობლებმა საქართველოში 47 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს, ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო 35 მილიონი დოლარის ინვესტიციით, რაც მთლიანი ინვესტიციის 13%-ია. 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია თურქეთიდან შემოვიდა.

შემოსული ინვესტიციების საკმაოდ დიდი ნაწილი (84%) უმსხვილეს სექტორებში გადანაწილდება. როგორც ყოველთვის, უცხოური კაპიტალის შემოდინების სიუხვით გამორჩეულია საფინანსო სექტორი. ამჯერად 260 მილიონი დოლარიდან 89 მილიონი დოლარი, სწორედ საფინანსო სექტორში მიიღო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34 პროცენტია.

2014 წლის პირველ კვარტალში 1.9 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აზერბაიჯანში, საიდანაც 1.6 მლრდ დოლარი ნავთობისა და გაზის სექტორში ჩაიდო. მთლიანად პირველ კვარტალში აზერბაიჯანში 3.6 მლრდ უცხოური ინვესტიცია შევიდა. 2013 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 6.3 მლრდ დოლარი შეადგინა.

2014 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სომხეთში 448.5 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც წმინდა ფინანსური ნაკადები 143.5 მლნ დოლარი იყო. საერთო ჯამში, 2014 წლის პირველ კვარტალში სომხეთში 700.8 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.

რაც შეეხება სახელმწიფო საგარეო ვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაისის მონაცემებით, ამ ციფრმა 4.107.555 ათასი დოლარი შეადგინა, ანუ დაახლოებით 7.2 მლრდ ლარი. აქედან, ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 72.441 ათასი დოლარია ანუ 128.358 ლარი.

საერთო ვალის მოცულობიდან მრვალამხრივი კრედიტორების საგარეო ვალი კი 2.7 მლრდ დოლარი, დაახლოებით, 4.8 მლრდ ლარია. საანგარიშო პერიოდში ორმხრივი კრედიტორების ვალი 800.374 ათას დოლარს, ანუ 1.4 მლრდ ლარს შეადგენს, ფასიანი ქაღალდების - 500 მლნ დოლარს, გარანტირებული კრედიტორებისა - 3 მლნ დოლარს.

საქართველოსთან შედარებით საგარეო ვალი ნაკლები აქვს სომხეთს. 2014 წელს სომხეთის სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობამ 3.867 მლრდ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, იმის გამო, რომ ის ნავთობისა და გაზის სექტორის ინფრასტრუქტურას მუდმივი განახლება და მოწესრიგება სჭირდება, საგარეო ვალიც ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეისობით სახელმწიფო საგარეო ვალი 6.1 მლრდ დოლარს შეადგენს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ სომხეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა ამ ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას უკავშირდება.

”სომხეთში ინვესტიციების მატება დაკავშირებულია რუსული კაპიტალის გააქტიურებასა და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების მოსამზადებელ სამუშაოებთან. ისიც სათქმელია, რომ ერთი კვარტალი არ არის განმსაზღვრელი, რომელიც საერთო სურათს დაგანახებს. დაველოდოთ, როგორი იქნება მეორე და მესამე კვარტლები.

საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ ბოლო წლებში სომხეთი და საქართველო გახდნენ ისეთი ქვეყნები, სადაც ფულადი გზავნილები საკმაოდ დიდია. ორივე ქვეყანაში უცხოური ფულადი ნაკადების მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლრდ დოლარის ეკვივალენტურია. შესაბამისად, ამ გადმორიცხვებმა უკვე თავისთავად საინვესტიციო დატვირთვა შეიძინა. აშკარაა, რომ ფულადი გზავნილები უკვე მკვეთრად აღემატება ინვესტიციების მოცულობას, არადა რამდენიმე წლის წინათ პირიქით იყო” - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანს” სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება აზერბაიჯანის დიდ საგარეო ვალს, ექსპერტის თქმით, ეს სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთანაა დაკავშირებული.

”აზერბაიჯანი არის გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა, ამ სექტორს კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება, პრაქტიკულად, სულ სჭირდება. ამიტომაცაა, რომ სახელმწიფოს ვალიც ასეთი მაღალია”, - დასძინა არჩვაძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”