სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილი შენობის გაყიდვას კიდევ ერთხელ შეეცდება.
თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე 60 და 60ა ნომრებში მდებარე უძრავი ქონება სააგენტომ აუქციონზე უკვე გამოიტანა. უძრავი ქონების საწყისი ფასი ამჯერად 35 მლნ ლარია, ბიჯი კი 50 000 ლარს შეადგენს.
ახალმა ინვესტორმა ადგილზე არანაკლებ 200- ნომრიანი სასტუმრო ან მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, სადაც იქნება 100 ნომრიანი სასტუმრო, კომერციული ფართები და კვების ობიექტები. ამასთან, ადგილზე ვერ აშენდება აპარტ ოტელი ან საცხოვრებელ ფართები.
სააგენტოს ინფორმაციით საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 100 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ინვესტორმა ქონების შეძენიდან 48 თვეში უნდა დახარჯოს. აუქციონი 9 იანვარს დასრულდება.
მიხაილოვის სახელობის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია 2015 წლის დასაწყისში 4 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. მაშინ ინვესტორი ვალდებული იყო აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო, თუმცა იმავე წლის ბოლოს „აღმას“ ქონება ჩამოერთვა.
როგორც მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავდნენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, ვერ წარადგინა საბანკო გარანტია, არ გადაიხადა არც საპრივატიზაციო საფასური ბოლომდე, რის შემდეგაც ობიექტი კვლავ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა და ხელმეორედ უნდა გაყიდულიყო. ქონების მართვის სააგენტომ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, რაც „ამღამ“ სასამართლოში გაასაჩივრა. კომპანია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდა.