კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 921.8 მლნ ლარით გაიზარდა

არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 921.8 მლნ ლარით გაიზარდა, რაც 3.7 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული  ბანკის ინფორმაციით, არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 921.8 მლნ ლარით (3.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 25.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237.5 მლნ ლარით (2.2 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 684.3 მლნ ლარით (4.9 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.8 პროცენტით ნაკლები).

2018 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.6 პროცენტით ანუ 484.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 13.8 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.36 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.15 პროცენტული პუნქტით).