მიუხედავად იმისა, რომ წელს განვითარებად ქვეყნებში სააქციო ბაზარს რთული პერიოდი ჰქონდა, „მორგან სტენლიში“ მაინც თვლიან, რომ მომავალ წელს, ფულის დასაბანდებლად ყველაზე კარგი საშუალება, სწორედ განვითარებადი ქვეყნების აქციები იქნება.
საინვესტიციო ბანკი თვლის, რომ განვითარებადი ეკონომიკების სააქციო ბაზრებზე, შემობრუნების დრო დგება. „მორგან სტენლიმ“ განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრის შეფასება, „მსუბუქიდან“ „მძიმეთი“ შეცვალა. ეს იმ დროს, როცა შეერთებული შტატების სააქციო ბაზრის შეფასება, „მსუბუქზე“ გადაიყვანა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვითარებადი ბაზრისთვის დათვური ტენდენცია დასრულდა. ამიტომ ამ ბაზრებზე დამატებით პოზიციებს ვხსნით“, - ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
ბევრმა ინვესტორმა წელს განვითარებადი ბაზრიდან საკუთარი სახსრები გამოიტანა და ისინი აშშ-ის სააქციო ბაზრისკენ გადაამისამართა, რომლის ზრდასაც სახაზინო ბონდების მომგებიანობის და დოლარის ზრდა განაპირობებდა. ამას ის გარემოება უწყობდა ხელს, რომ ფინანსური პრობლემები შეიქმნა თურქეთსა და არგენტინაში.
MSCI-ს განვითარებადი ბაზრების ინდექსი, რომელიც 24 ქვეყნის სააქციო ბაზრების საშუალო მაჩვენებელს ასახავს, წელს 16 პროცენტით შემცირდა. მაგრამ „მორგან სტენლი“ თვლის, რომ მომავალ წელს ეს ინდექსი 8 პროცენტით გაიზრდება. ეს იმ დროს, როცა მისივე პროგნოზით, S&P 500-ის და MSCI-ს ევროპული ინდექსის ზრდა, მხოლოდ 4 პროცენტის ფარგლებში იქნება.
„მორგან სტენლის“ პროგნოზითვე, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის ტემპი მოიმატებს. ეს იმ დროს, როცა აშშ-ის ეკონომიკის განვითარება, ახლანდელი 2.9-დან 2.3 პროცენტამდე შემცირდება, 2020 წელს კი 1.9 პროცენტამდე დაიწევს. ეს გარემოება, უარყოფით გავლენას იქონიებს დოლარზე. ეს შეამსუბუქებს განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობას, რომელთა ვალების უმეტესობაც სწორედ დოლარშია გამოსახული.
„მორგან სტენლის“ პროგნოზით, ინვესტირებისთვის საუკეთესო პირობები იქნება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბრაზილია, ტაილანდი, ინდონეზია, ინდოეთი, პერუ და პოლონეთი. იმავდროულად, ბანკი ნაკლებად ხელსაყრელად მიიჩნევს ინვესტიციებს მექსიკის, ფილიპინების, კოლუმბიის, საბერძნეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბაზრებზე.
ბანკი ასევე თვლის, რომ უმჯობესია აქცენტის გაკეთება „ფასეულ აქციებზე“ და ნაკლებად მიმზიდველია „მზარდი აქციები“. ფასეულ აქციებად მოიაზრება ის აქციები, რომელთა ფასიც, ანალიტიკოსების შეფასებით, ნორმალურზე დაბლაა. „მზარდ აქციებს“ კი ისეთ ფასიან ქაღალდებს უწოდებენ, რომლებსაც ზრდის სოლიდური პოტენციალი აქვს.