"ვითიბი ბანკი" ორი ახალი საკრედიტო პროდუქტისთვის 30 მილიონ ლარამდე გამოყოფს

"ვითიბი ბანკი" დღეიდან ახალი ტიპის საკრედიტო პროდუქტის სარეკლამო კამპანიას იწყებს.

ახალი სარეკლამო კამპანიის დაწყების შესახებ განცხადება "ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "ვითიბი ბანკის" ხელმძღვანელობამ ორი სარეკლამო რგოლი წარმოადგინა, რომლებიც უახლოესი 1 თვის განმავლობაში იქნება გაშვებული ქსელში. ვალერიან გაბუნიას თქმით, ბანკი ერთი თვის განმავლობაში კლიენტებს შესთავაზებს ორი სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო პროდუქტს.

ბანკის ახალი პროდუქტი ითვალისწინებს სხვა ბანკებში არსებული სესხების გაერთიანებას და ყოველთვიური გადასახდელი თანხის და საპროცენტო ხარჯის შემცირებას. ახალი აქციის სახელწოდებაა "კონსოლიდაცია", აღნიშნული პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააერთიანოს სხვა ბანკებში არსებული სესხები, აიღოს ერთი სესხი 12,9%-ად უზრუნველყოფის გარეშე, ან 11,9% უძრავი ქონების უზრუნველყოფით და შესაბამისად შეიმციროს ყოველთვიური საპროცენტო ხარჯი

ვალერიან გაბუნიამ დასძინა, რომ აქციის უპრეცედენტო პირობა იმაში გამოიხატება, რომ "ვითიბი ბანკმა" გამოიმუშავა სპეციალური პროდუქტი ისეთი კლიენტებისათვის, ვისაც შეექმნა სესხების დაფარვის პრობლემები სამსახურის დაკარგვით, შემოსავლების შემცირებით და სხვა მიზეზების გამო. ასეთი კლიენტებისთვის მოხდება არსებული ვადაგასული სესხების გაერთიანება და მათ შემოსავლებზე მორგებული დაფარვის გრაფიკის შეთავაზება. სესხების დაფარვის გრაფიკის მაქსიმალური ვადა იქნება 10 წელზე გათვლილი. ამით კლიენტებს შესაძლებობა ექნება თავისუფლად ემსახურონ ფინანსურ ვალდებულებს. აღნიშნული პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 15%-ს და იგი ყოველ 6 თვეში ერთხელ 1%-ით მცირდება 12%-მდე.

"ჩვენ გადავწყვიტეთ თანადგომა გამოგვეხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მზად არიან კეთილსინდისიერი სესხის გადამხდელები იყვნენ, მაგრამ გარკვეული ფინანსური სირთულეების გამო შეექმნათ პრობლემები და დაუფიქსირდათ ვადაგადაცილებული სესხები. ამის მიუხედვად თუ მათ დღეს გააჩნიათ ფინანსური შემოსავლის წყარო, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა აიღონ სესხი "ვითიბი ბანკში", გადაფარონ სხვა მიმდინარე სესხები და რეალურად დაზოგონ ყოველთვიური საპროცენტო შენატანის თანხა", - აღნიშნა ვალარიან გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეისათვის 400 000-ზე მეტი სესხის მქონე კლიენტი არსებობს, რომელთაგანაც ბანკის მიერ დაწყებული ამ ახალი აქციის შედეგად დაახლოებით 1 200 კლიენტს დააკმაყოფილებენ. ბანკი ორი ახალი ტიპის საკრედიტო პროდუქტისათვის დაახლოებით 30 მილიონ ლარს გამოყოფს. სესხის აღება ბანკში შეუძლებელი იქნება 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისათვის.