ევროკავშირი და FAO საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებაში ეხმარებიან

“სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამუშაო ჯგუფის“ (WGE) შეხვედრის მონაწილეებმა ექსტენციის სპეციალისტების ტრენინგის საჭიროებების შეფასება და ახლადშექმნილი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მასალების ონლაინ ბიბლიოთეკა წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას FAO არცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს ექსტენციის მონიტორინგისა და შეფასების სტრუქტურა, ისევე როგორც შესაბამის ეროვნული სტრატეგიის იმპლიმენტაციის სტატუსი. სტრატეგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA), ევროკავშირის მხარდაჭერით, 2017 წელს დაამტკიცა. შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისების განვითარების მხარდაჭერის მიზნით გაიმართა, რაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიმდინარე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი FAO-ს პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია.

შეხვედრას „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამუშაო ჯგუფის“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე FAO- ს და UNDP-ს ექსპერტები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფი ზედამხედველობას უწევს 2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებისა და არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით. სტრატეგიის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები საბაზრო მოთხოვნაზე ორიენტირებულ პლატფორმად უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ფერმერთათვის რელევანტური ტექნიკური კონსულტაციების მიწოდებას უზრუნველყოფს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიმდინარე განხილვების ერთ-ერთ ძირითად თემას ტრენინგების საჭიროებების შეფასების შედეგები წარმოადგენდა. ამ შედეგების მიხედვით განისაზღვრება თუ როგორი, რა ტიპის გადამზადება ესაჭიროებათ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებს. შეფასება განხორციელდა 54, ანუ ყველა არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში. ექსტენციის მუშაკთა კვალიფიკაცია შემოწმდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, როგორებიცაა: მევენახეობა, მებოსტნეობა, მცენარეთა დაცვა, აგროქიმია და ნიადაგის შემოწმება, მეღვინეობა მეფუტკრეობა, მებაღეობა და სხვა. კვლევის მიხედვით, საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში აუციელებილია ექსტენციის სპეციალისტების მომზადება მეცხოველეობის დარგში. ადგილობრივ სპეციალისტებში საუკეთესო ცოდნა გამოვლინდა მებაღეობასა და აგროქიმიაშია/ნიადაგმცოდნეობაში. კვლევის შედეგების საფუძველზე, FAO-ს ექსპერტები ტრენინგის სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, რომლის განხორციელება გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე წარმოადგინილ იქნა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მასალების ონლაინ ბიბლიოთეკა. ამ საჯარო პლატფორმაზე თავმოყრილი იქნება კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის მიერ შექმნილი ელექტრონული პუბლიკაციები და ვიდეო მასალები საუკეთესო ფერმერული პრაქტიკების შესახებ. მონაცემთა ბაზაში ჯერჯერობით განთავსებულია 92 ვიდეო მასალა და პუბლიკაცია. ბაზის განახლება რეგულარულად მოხდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის - მათ შორის, ფერმერებისა და ექსტენციის სპეციალისტებისათვის. http://elibrary.mepa.gov.ge/.

მომდევნო შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრები ექსტენციის სპეციალისტებისათვის სემინარების გეგმას განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების სტატუსსა და შესაბამის დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებაზე.