კორპორაცია „ეპლმა“ სააქციო ბაზარზე ოქტომბრის შემდეგ თავისი კაპიტალის დაახლოებით 25 პროცენტი დაკარგა და ამაზე არანაკლებ რთული გამოცდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ელის.
უფრო სწორედ, მისი სატარიფო პოლიტიკისგან, რომლის გამოც ამერიკელებს შესაძლოა, აიფონები და „ეპლის“ ლეპტოპები 10 პროცენტით გაუძვირდეთ. და ეს იმიტომ, რომ მათ ჩინეთში აწარმოებენ.
კომპანიამ ისედაც შეამცირა თავისი სამი უახლესი მოდელის აიფონის წარმოება, რაც მათზე მოსალოდნელზე ნაკლებმა მოთხოვნამ გამოიწვია. ბუენოს აირესში, G20 სამმიტზე გამგზავრებამდე, ტრამპმა ინტერვიუ მისცა „უოლ სტრიტ ჯორნელს“, რა დროსაც განაცხადა, რომ როგორც ჩანს, 200 მილიარდი დოლარის ჩინური წარმოების პროდუქციაზე, ტარიფების გაზრდა მოუწევს. ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, „ეპლის“ აქციების ფას 1.6 პროცენტით შემცირდა.
„ეპლის“ პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთში მზადდება და თუ ჩინეთში არა, მათი ნაწილების უმეტესობა მაინც ჩინურია. ასე რომ, ტარიფების ომი პირდაპირ აისახება ამერიკული კომპანიის პროდუქციის ფასზე საკუთრივ ამერიკაში. იქ „ეპლის“ ტელეფონბის ფასი 449-1 449 დოლარს შორის მერყეობს, რის მიუხედავადაც, ისინი მაინც კარგად იყიდება. თუმცა, 10 პროცენტით გაძვირებას, საშუალო ფასის 800 დოლარამდე გაზრდა შეუძლია, რასაც გაყიდვების შემცირება მოჰყვება.
„ეპლის“ გარდა, ეცემა იმ ჩინური კომპანიების აქციების ფასებიც, რომლებიც აიფონებს და ლეპტოპებს, ასევე ტექნოლოგიურ პროდუქციას აწარმოებენ. აიფონები და აიპადები, აქამდე ტარიფების ზრდით არ დაზარალებულა, თუმცა თუ ტრამპი დამატებითი პროდუქციის გაზრდილი ტარიფებით დაბეგვრას გადაწყვეტს, მაშინ „ეპლის“ პროდუქციაც გაძვირებას ვეღარ გადაურჩება.