მთავრობა საქართველოს რკინგზის წილის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ქობულიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპანიის წილების გარკვეული პროცენტის შენარჩუნებას აპირებს.
სტატიის ავტორის, ჰელენა ბედველის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ სტატიაში ვკითხულობთ: „საქართველო ემზადება სახელმწიფო აქტივების პრივატიზებისთვის. მალე მთავრობა გამოაცხადებს გეგმებს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს რკინიგზაში“ წილების გაყიდვის შესახებ. სხვა სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიებიც, ისეთი როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ასევე მოიაზრება პრივატიზაციისთვის. რამდენადაც შესაძლებელია ჩვენ უნდა გავზარდოთ მათი ეფექტურობა და მოვახდინოთ პრივატიზება. მთავრობამ შესაძლოა, მიიღოს ათობით მილიონი ლარი საქართველოს ფოსტის გაყიდვით.“- წერია სტატიაში.
„რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენ უნდა გავზარდოთ კომპანიების ეფექტურობა და მოვახდინოთ მათი პრივატიზება“, - განაცხადა ქობულიამ „ბლუმბერგთან“ საუბრისას.
როგორც ქობულია ინტერვიუში აცხადებს, სახელმწიფო საქართველოს რკინიგზის წილების გარკვეული პროცენტის შეინარჩუნებას აპირებს. ქობულიას განცხადებით, აქტივების გაყიდვის შედეგად მთავრობა 2025 წლისთვის 7%-მდე ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
მოგვიანებით, ქართულ მედიასთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა რკინიგზის შესაძლო პრივატიზება გამორიცხა და განაცხადა, რომ კომპანიაში მხოლოდ რეორგანიზაცია იგეგმება.
„იგეგმება საქართველოს ფოსტის პრივატიზება, ხოლო საქართველოს რკინიგზას და სახელმწიფო ელექტროსისტემას რეორგანიზაცია ელით. საქართველოს რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია შედის ეფექტურობის ამაღლების პროგრამაში და ამასთან დააკავშირებით იგეგმება რეორგანიზაცია. აგრეთვე, ვაპირებთ, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს კერძო ოპერატორების მოძრავ შემადგენლობასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ კერძო ოპერატორები, რაც ყველა ქვეყანაში მიღებულია, როგორც საუკეთესო პრაქტიკა“, -განაცხადა გიორგი ქობულიამ.
რკინიგზის შესაძლო პრივატიზების თემას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებლის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა მცირდება და კომპანია მოგებაზე ვერ გადის. შესაბამისად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს რკინიგზით მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების მქონე ქვეყანა, ანუ რუსეთი შეიძლება დაინტერესდეს.
მათივე თქმით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც რკინიგზის რეფორმირებისა და დეცენტრალიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს. სპეციალისტების განმარტებით კერძო პირებზე მხოლოდ მოძრავი შემადგენლობის, მათ შორის სავაგონე სისტემის გასხვისებააა შესაძლებელი.
„დღეს საქართველოს რკინიგზაში გვაქვს საბჭოთა მოდელის სტრუქტურული მოწყობა. ერთ ორგანიზაციაში თავმოყრილია ყველა კომპონენტი, იქნება ეს უსაფრთხოება, გადაზიდვების ორგანიზება, მოძრავი შემადგენლობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოხდეს დაყოფა, გამიჯვნა ლიანდაგების, ხიდების, გვირაბების, რაც არის სტრატეგიული მნიშვნელობის და უნდა დარჩეს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. ამასთან, უნდა შეიქმნას საქართველოს რკინიგზის სააგენტო, რომელიც დაარეგულირებს უსაფრთხოებას, ცალკე დარჩება ვაგონები, წევითი ძალა, რომლის გასხვისებაზეც შესაძლებელია საუბარი და ყველა კერძო კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა, რომ შეიძინოს მოძრავი შემადგენლობა. გაიაროს აკრედიტაცია, სერტიფიცირება და შეიქმანს ჯანსაღი კონკურენცია სარკინიგზო გადაზიდვებსა და მგზავრთა გადაყვანაში.“ -განაცხადა ვასო ურუშაძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრის მესიჯი, სადაც საუბარია საქართველოს რკინიგზის წილის შესაძლო გასხვისებაზე, იმ მოდელით, როგორც დღეს რკინიგზა იმართება, არის საგანგაშო და დაუშვებელი.
„ამ მოდელით, ყველაფერი ერთ კომპანიაში, საქართველოს რკინიგზა დღეს არის არამომგებიანი და გარდა პოლიტიკური ინტერესებისა, შეუძლებელია რომელიმე კერძო ინვესტორი მისი წილების შეძენით დაინტერესდეს. მას შემდეგ, რაც გატარდება რეფორმა და საუბარი იქნება მხოლოდ მოძრავი შემადგენლობის გასხვისებაზე და კერძო ოპერატორების დაშვებაზე სარკინიგზო ქსელში, უკვე შეიძლება საუბარი, რომ კომპანიის წილი საინტერესო იქნება კერძო სექტორისთვის და ძალიან ბევრი ინვესტორი გამოჩნდეს. მოდელის ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რეფორმას არ გავატარებთ, საუბარი წილების გასხვისებაზე არის ანტისახელმწიფოებრივი და შეიძლება ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - რუსული ინტერესების გატარებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.
ქრისტინე გამთენაძე