„რეზონანსი" - წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა მთავრობას დიდ დარტყმას მიაყენებს

მმართველი პარტია წინასაარჩევნო ვალდებულებებს თუ არ შეასრულებს, ხალხს ზამთრის გადატანა ძალიან გაუჭირდება.პროდუქტები გაძვირდა, ლარი უფასურდება და მოსახლეობას არსებული პრობლემის დაძლევა მომავალ წელს კიდევ უფრო გაუჭირდება. როგორც ცნობილია პენსია მოიმატებს, თუმცა რეალურად განხორციელდება თუ არა ვალების ჩამოწერა და სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება, ჯერჯერობით ეჭვს მაინც იწვევს, თუმცა როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, არც სხვა გამოსავალი ჩანს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან საქართველოს უამრავი ოჯახისათვის ცხოვრება გაუსაძლისად მძიმე გახდება.

რაც შეეხება დაპირებებს, ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ მათ შესრულებაზე მთავრობა უარს ვერ იტყვის თუნდაც იმის გამო, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია და ხალხის განაწყენებას ამჯერად ვერავინ გაბედავს.

ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ექსპერტი აცხადებს, სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება და პრობლემის გასამკლავებლად ხალხს ძალა არ ეყოფა.

„ვალებს, რომლებიც 2000 ლარს არ აღემატება, ჩამოწერენ. ეს პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება, თუმცა ბანკებმა თუ შეატყვეს, რომ სასწორი „ნაციონალებისაკენ" იხრება, ისინი წავლენ საბოტაჟზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა თუ დაინახეს, რომ სიტუაცია არასახარბიელოა, შეიძლება განაცხადონ, რომ ამ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ადრე „ვივუსმა" განაცხადა.

მოსახლეობამ ეს თუ დაინახა, უკმაყოფილო დარჩება არა კონკრეტულად კომპანიების, არამედ ხელისუფლების მიმართ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ბანკები და მიკროსაფინანსოები წავლენ შეთანხმებაზე `ქართუსთან~ და დაპირებას შეასრულებენ.

რაც შეეხება სხვა დაპირებას, პენსიების თემა გაცილებით ადრე იყო დაანონსებული და 20-ლარიანი ზრდა ბიუჯეტის პროექტშიც ჩაიდო. სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება არც ერთი ისეთი დაპირება, რომელიც შეიძლება, მმართველი პარტიისათვის ძნელად შესასრულებელი გახდეს. უფრო ზომიერი იყვნენ დაპირებებში, ვიდრე ეს წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდა", - ამბობს აროშიძე.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს დაპირებების შეუსრულებლობას, რადგან ეს ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

„ადრე, წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ ბევრი რამ ვერ გათვალა. მას უხდებოდა ბრძოლა ორ ფრონტზე – ადგილობრივ საკრებულოებსა და ყოფილ პრეზიდენტთან, რამაც დიდი დრო წაიღო და არასწორად დაგეგმილი ეკონომიკური დაპირებები ვერ განახორციელა. ამჟამად ველოდები, რომ თავიანთ სიტყვას შეასრულებენ.

გადასახადების შემცირების მხრივ დაპირება არ მოგვისმენია და ამაზე იმედს ვერ ავაგებთ. 2019-20 წლებში ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მოახდინონ ლარის სტაბილიზაცია, სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური პრობლემების მოგვარება, რაც ურთულესი პრობლემაა და როგორმე უნდა მოაგვარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია და ხალხი თავის გადაწყვეტილებას გააკეთებს მმართველი პარტიის საზიანოდ. ხალხი ბრძენია და იცის, სად უკეთესია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევშაი, მივიღებთ მძიმე სოციალურ ვითარებას, ღარიბ-ღატაკთა გაზრდილ მასებს და მოტყუებულ მოსახლეობას, რაც მთავრობისა და „ქართუ ფონდის" დამფუძნებლის იმიჯზე აისახება", - დასძენს პაატა აროშიძე.

მოსალოდნელი სოციალური პროცესების მიმართ გაცილებით სკეპტიკურად არის განწყობილი „ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე. მართალია, ის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას არ გამორიცხავს, მაგრამ დასძენს ასევე, რომ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მოსახლეობა შემწყნარებლობას გამოიჩენს და უკმაყოფილების გამოხატვას არ შეეცდება.

„მმართველი პარტიიდან დაპირების შეუსრულებლობა არ გაგვიკვირდება, თუმცა ისეთი სოციალური აქტივობა არ არის ქვეყანაში, რომ ხალხმა რამე ფორმით უკმაყოფილება გამოხატოს. თანაც, დაპირება არ იყო ფართომასშტაბიანი, რომ ვერ განხორციელდეს. შესრულება არ იქნება რთული, მაგრამ გააჩნია, რა მასშტაბს მიიღებს. არანაირი კონკრეტული პრინციპი ხელისუფლებას არ ჩამოუყალიბებია.

რაც არ უნდა მოხდეს, არ ველოდები, რომ ხალხს წყენა ქუჩაში გამოიყვანს, ბევრად მეტი პრობლემა იყო, მაგრამ აქამდე ეს არავის გაუკეთებია. ამაზე მეტად ვითარება ვერ დამძიმდება. არ მესმის, რატომ ჰგონიათ, მთავრობა რამეს იტყვის და შეასრულებს. მივეჩვიეთ მდგომარეობას, როცა ხალხი ცალკეა და ხელისუფლება _ ცალკე. არც ერთ წინა მთავრობას დაპირება არ შეუსრულებია. რაც გაკეთდა, ისიც იყო დაპირების არა ნაწილი, არამედ რაღაც სიტუაციური გადაწყვეტილება, რაც დაიბრალეს და თქვეს, რომ პირობა შეასრულეს! დაპირება ყოველთვის ზერელეა, პოპულისტური და არ სრულდება ხოლმე. ახლაც არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი", - ამბობს შეშელიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"