ევროპარლამენტი მსო-ს მოდერნიზებას იწყებს

ევროპარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ინიციატივით გამოდის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირება და მოდერნიზება განხორციელდეს.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები, ნორმები და პროცედურები უნდა გადაიხედოს ორგანიზაციის ეფექტურობისა და აქტუალობის უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი მომხრეა, ორგანიზაციის მოდერნიზება სწრაფად განხორციელდეს.

გადაწყვეტილებას მხარი დღეს, 471 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 80.

ორშაბათს, ევროკავშირმა ორგანიზაციის რეფორმირების ერთ-ერთი მიმართულებით წინადადებები წარმოადგინა - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო ორგანოს სახეცვლილების შესახებ. ორგანიზაციის გენერალურ საბჭოს წინადადებები 12 დეკემბერს გადაეცემა. აღნიშნული პროექტი უკვე შეთანხმებულია ავსტრალიასთან, ინდოეთთან, ისლანდიასთან, კანადასთან, ჩინეთთან, მექსიკასთან, ახალ ზელანდიასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კკორეასთან და შვეიცარიასთან.