როგორ ”შევადუღოთ” მილიონი?

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ძირითად ავტომანქანად საბჭოთა ავტომშენებლობის დინოზავრს - "ზაზ-965" იყენებს

ცოტა ხნის წინ უკრაინულმა გამოცემა "ფოკუსმა" 200 უმდიდრესი თანამემამულის რეიტინგი გამოაქვეყნა. მდიდარი უკრაინელების სიაში სამი ქართველია: ტარიელ ვასაძე, დავით ჟვანია და ლევ ფარცხალაძე. ტარიელ ვასაძე უკრაინული რადას წევრია და თან "უკრავტოს" მფლობელი. "ფოკუსმა" მისი ქონება 299 მილიონ დოლარად შეაფასა. "უკრავტო" ადგილობრივ მანქანათმშენებლობის ქარხნებს აერთიანებს, ასევე მსოფლიოში ცნობილი საავატომობილო ბრენდების წარმომადგენელია უკრაინაში, ამიტომაც ვასაძის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარსაც კი აჭარბებს.

ვასაძე ლანჩხუთის რაიონში, სოფელ სუფსაში 1947 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა. 1971 წელს კიევში საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი დაამთავრა და ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობა მიიღო. მანამდე კი სოფელ სუფსაში "ხიდმაღალას" კოლმეურნეობაში შემდუღებლად მუშაობდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ინჟინერიც იყო, უფროსი ოსტატიც, ცეხის უფროსიც, "ატეკის" დირექტორიც. ე.წ. "პერესტროიკის" შემდეგ, უკრაინის ავტომშენებლობამ კორპორაცია "უკრავტოს" ჩაუყარა საფუძველი და ვასაძე, რომელსაც მანამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, კომპანიის მართვის სადავეებთან აღმოჩნდა. დღეს, კორპორაცია "უკრავტო" უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი და იმპორტიორია. კორპორაცია რამდენიმე ათეულ საწარმოს აერთიანებს, მათ შორის როგორც ავტომშენებელ ქარხნებს, ასევე ავტოსალონებს, ტექმომსახურების ობიექტებს, ავტოგასამართ სადგურები და სადაზღვევო კომპანიებსაც კი. მის ყველაზე მსხვილ აქტივებს შორისაა ზაპოროჟიეს ავტომშენებელი ქარხანა და ავტოქარხანა პოლონეთში - FSO. სხვათა შორის, "უკრავტოს" ასეულობით სტრუქტურული ერთეული სწორედ პოლონეთში აქვს ვასაძეს. უკრაინაში კი თითქმის ორჯერ ნაკლები დაიტოვა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვასაძეს ასევე აქვს წილი კიევის სავაჭრო ქსელ "კვადრატში" და რესტორნების ქსელ "შვიდკოში".

2002 წელს ტარიელ ვასაძე უკრაინის პრემიერ-მინისტრის ანატოლი კინახის მრჩეველი იყო. ამავე წელს, პირველად გახდა უკრაინის სახალხო დეპუტატი, ხოლო 2006 და 2007 წლების არჩევნებში, უმაღლეს რადაში იულია ტიმოშენკოს საარჩევნო სიით გავიდა.

ვასაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ვაჟი ვახტანგი მამის კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სხვათა შორის, ვახტანგმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აწ გარდაცვლილი ნუგზარ გაბრიჩიძის ქალიშვილზე იქორწინა. წყვილს ერთმანეთი ვანო ჩხარტიშვილის შვილის ქორწილში გაუცვნია. ჯვარი თბილისში დაიწერეს, ახალდაქორწინებულები კი პატრიარქს დაულოცავს.

რაც შეეხება ტარიელ ვასაძის ქალიშვილს, ნინა ასევე მამის კუთვნილი კომპანიების, ,,ავტო ზაზ"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ,,უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. კომპანიას ნინა ვასაძე 2012 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. ნინა ვასაძემ კიევში ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი დაამთავრა, სწავლის დასრულების შემდეგ კი მუშაობა ,,უკრავტოს" ფინანსურ განყოფილებაში დაიწყო. ცოტა ხნის წინ ჟურნალმა "ფოკუსმა" ნინა ვასაძე უკრაინის 100 ყველაზე გავლენიან ქალბატონს შორის დაასახელა.

რაც შეეხება ტარიელ ვასაძის გატაცებებს, განსაკუთრებით ნადირობა ჰყვარებია თურმე. ამის გამო კიევის მახლობლად იჯარით ტყეც აიღო, სადაც საგანგებოდ მისთვის გარეული ცხოველების მოშენება ხდება.

ვასაძის სახელი რამდენჯერმე სკანდალშიც გაეხვა. ერთხელ მაშინ, როცა ოპოზიციაში ყოფნისას მის მიმართ საქმე იყო აღძრული, რომ თითქოს ზაპოროჟიეს ქარხნის მფლობელი ის უკანონოდ გახდა. თუმცა, მას შემდეგ რაც სახელისუფლებო ფრაქცია ,,რეგიონებში'" გადავიდა, სასამართლომ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრობისას იულია ტიმოშენკოს კიეველებმა რამდენჯერმე ღია წერილით მიმართეს, სადაც ჩიოდნენ, რომ ტარიელ ვასაძემ "უკრავტოს" სათავო ოფისის გაფართოვების მიზნით უკანონოდ მიითვისა ახლომდებარე ტერიტორიები.

რაც შეეხება მილიარდერის სახელთან დაკავშირებულ კურიოზს, უკრაინული პრესა მდიდარ ქართველს ხშირად ახსენებს ამბავს, რომელიც მისი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას უკავშირდება. მაშინ, როცა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ამ პოსტზე მისი კანდიდატურა განხილებოდა, დეპუტატებმა გაოცება ვერ დამალეს, როცა ქონებრივი დეკლარაციაში ამოიკითხეს, რომ უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ძირითად ავტომანქანად საბჭოთა ავტომშენებლობის დინოზავრს - "ზაზ-965" იყენებს, რომელსაც ხუმრობით "კუზიან" ავტომობილსაც ეძახიან.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"

bpn