როგორი იქნება თბილისის საახალწლო განათება, რომელიც 2 მლნ ლარი დაჯდება (+ფოტო)

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, კომპანიას - IDO ილუმინაციების მოწოდების ბოლო ვადა 10 დეკემბერს აქვს.

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ განმარტავენ, დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მოწოდებისთანავე დაიწყება.

„თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელიც კომპანიამ - IDO 2 093 789 ლარად მოიგო.

სატენდერო დოკუმენტში აღნიშნული იყო ისიც, თუ რა სახის განათებები მოეწყობა ქალაქში საახალწლოდ. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საახალწლოდ დედაქალაქს ახალი ილუმინაციები და აქსესუარი შეემატება. მათ შორის: 305 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ანგელოზი, 8 ცალი - 3D ფარანი; 64 ცალი - 3D ანგელოზი; 1 ცალი - 3D ფაეტონი; 3 ცალი - 3D ხე; 5 ცალი - 3D ანგელოზი; 4 ცალი - გულის ფორმის 2D ბანერი; 120 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ჩამოსაკიდებელი დეკორაცია; 30 ცალი - 2D ჩამოსაკიდებელი გული; 2 ცალი - 3D ჩრდილოეთის ირემი; 7 ცალი - 3D დასადგამი დეკორაცია; 1 ცალი - 3D ირემი.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.

„თბილსერვის ჯგუფი“ ყოველწლიურად საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟით ასრულებს.

bpnbpnbpn bpn