მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აგრესიულ ნაბიჯებზე გადავიდნენ

”მომხმარებელი საერთოდ დაუცველია. ისინი აბსოლუტურად მინდობილი არიან ბიზნესზე”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები დაუცველი არიან. სპეციალისტები ამის მიზეზად საკანონმდებლო ხარვეზს მიიჩნევენ, რის გამოც ეროვნული ბანკის მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი მინიმუმამდეა დაყვანილი.

საბანკო სფეროს ექსპერტების ინფორმაციით, მიკროსაფინანსოებს აბსოლუტური თავისუფლება აქვთ საპროცენტო განაკვეთების, სესხის გაცემის მასშტაბებისა და ზედა ზღვრის დადგენის მხრივ, რაც წესით და რიგით, მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული უპრეცედენტოდ მაღალი წლიური სარგებელი, რომელიც ხშირად 30%-ს აჭარბებს, კომერციული ბანკების სტანდარტებისგან რადიკალურად განსხვავდება. სპეციალისტები ასეთ ხელგაშლილობას ეჭვის თვალით უცქერიან.

მიკროსაფინანსოების საქმიანობა იმდენად თვითნებურია, რომ ბოლო დროს სესხის გაცემის ონლაინ რეჟიმზეც გადავიდნენ, რაც რეგულირებიდან საერთოდ გამოვარდნილია. თუმცა, ეს ფაქტორი მომხმარებელს სრულიად არ უშლის ხელს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის ”მიმზიდველი შეთავაზებით” ისარგებლოს. მათ შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან იპოთეკური სესხიც, რისი გაცემის უფლება, წესით, არ უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ქვეყნის მთავარი ბანკის ინფორმაციით, სულ 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და მათი საქმიანობა რეგულარულად მოწმდება. 2014 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საკრედიტო კავშირში შეტანილი დეპოზიტების მოცულობა 5,325 ლარს შეადგენს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დარღვევები გამოვლინდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სებ-ის მიერ დადგენილი წესით.

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი არასაკმარისად მიაჩნია. მისი თქმით, მომსახურების ამ სფეროში მომხმარებლის ინტერესები აბსოლუტურად იგნორირებულია, რასაც ექსპერტი კანონმდებლობის ხარვეზად მიიჩნევს.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუსტად რეგულირდება. ისინი არ წარმოადგენენ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, ანუ კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, ეკონომიკაში ამინდს ვერ ქმნიან.

მიუღებელია საპროცენტო განაკვეთები, რაც მიკროსაფინანსოებს აქვთ. არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც მათ სავახშო პროცენტებით სესხის გაცემას უკრძალავს. ზოგიერთ ქვეყანაში, განვითარებადშიც კი, მოქმედებს არა მხოლოდ რეგულირებადი ნორმები, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ იპოთეკურ სესხებსაც, ეს კი მათი კომპენტენცია არ არის. წესით, ისინი დამწყებ ბიზნესს უნდა ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სესხის მაქსიმალური ზღვარი (50 000 ლარი) დავიდეს 15-20 ათასამდე, რის შემდეგაც ეს ორგანიზაციები მათზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებენ”, - აცხადებს ელიავა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკისა და შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან უნდა გამკაცრდეს კონტროლი, რასაც სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

”საქართველოში მომხმარებელი საერთოდ დაუცველია. ისინი აბსოლუტურად მინდობილი არიან ბიზნესზე. სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესები, მათ შორის, საფინანსო მომსახურების სფეროში. მართალია, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი არსებობს, მაგრამ მას აუცილებლად გამკაცრება სჭირდება.

საფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება, დეპოზიტები მოიზიდონ მოსახლეობისგან. ამიტომ რესურსებს იღებენ კერძო ინვესტორისგან, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. ხშირად კომერციული ბანკებისგანაც იღებენ თანხებს და თავიანთი საქმიანობისთვის იყენებენ.

აბსოლუტურად არ კონტროლდება ონლაინ განვადებები, რაც კანონმდებლობის დიდი ნაკლია. მეტი კონტროლია გასაწევი როგორც ეროვნული ბანკის, ასევე შესაბამისი სტრუქტურების მხრიდანაც”, - აცხადებს ლია ელიავა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს საბანკო სფეროს ექსპერტ მიხეილ თოქმაზიშვილს, რომლის შეფასებითაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები აბსოლუტურად დაცული არიან და საფრთხე მათ არც მომავალში ემუქრებათ.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ისევე როგორც მთლიან საბანკო სექტორს, ზედამხედველობას ეროვნული ბანკი უწევს. დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათი საქმიანობის გამო მოქალაქეები დაზარალებულიყვნენ. მომსახურების პრობლემა რეალურად არ ყოფილა და არც არის მოსალოდნელი.

ნებისმიერ დარღვევებზე, თუ ის მაინც გამოვლინდა, ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ რისკზე რეაგირებას ის ადეკვატურად მოახდენს. შეიძლება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, მაგრამ ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქიმანობას კონტროლს ყოველთვის უწევდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამ მიმართულებით საფრთხეს გამოვრიცხავ”, - აცხადებს თოქმაზიშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”