"ოქტომბერში მაღალი და საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა"

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა.აღნიშნულს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე გამოეხმაურა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. კერძოდ, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, მშენებლობის სექტორში, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონების, ვაჭრობის და სხვ სექტორებში.

„ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში (ოქტომბრის თვეში) 15 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან - ზრდამ 14.1 პროცენტი, ხოლო შემო სავლებმა 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ოქტომბერში 11.0 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 116.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფრომაციით, ეკატერინე მიქაბაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელზე, რომელიც 13.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტზე, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბერს დასრულდა. „მისიის ვიზიტის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, დააჩქარებს კერძო სექტორით განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.