გადამზიდი კომპანია საქართველოს ფოსტას ტყუილში ადანაშაულებს

რას უნდა ელოდოს ინტერნეტ-ვაჭრობაში ჩართული ასობით ათასი მოქალაქე.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფოსტამ გამოაქვეყნა წერილი „საქართველოს ფოსტა ევროპულ სტანდარტებს ნერგავს“ , რომელშიც არათუ დაამახინჯა რეალური ვითარება, არამედ დაუმალა საზოგადოებას მოსალოდნელი პერსპექტივები.

საქართველოს ფოსტა სათაურშივე ამახინჯებს რეალობას. როგორ შეიძლება დანერგო ევროპული სტანდარტები, მაშინ, როცა გსურს ამ სტანდარტების სრული დარღვევა?

მონოპოლია, რომლისკენაც მიიწევს საქართველოს ფოსტის დღევანდელი ხელმძღვანელობა რუსთავის ყოფილი ვიცე-მერის ლევან ჩიკვაიძის მეთაურობით, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ საფოსტო მომსახურების ბაზარი უნდა იყოს ლიბერალიზებული და სახელმწიფო რეგულაციას (ლიცენზირებას) უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურება (ანუ მხოლოდ 100 გრამამდე წერილები და საფოსტო გზავნილები, კურიერული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გარეშე) მაშინ, როცა ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებული კანონპროექტით საქართველოს ფოსტა მონოპოლიას იღებს 30 კგ. საფოსტო გზავნილებზე. ეს კი ნიშნავს, რომ სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში წამოსული, ან საქართველოდან გასული ყველა საფოსტო გზავნილი, მათ შორის ონლაინ-შოპინგით შეძენილი ნივთები, უცხოეთის დიასპორაში გაგზავნილი, ან დიასპორიდან გამოგზავნილი ტვირთები დაექვემდებარებიან საქართველოს ფოსტის მონოპოლიას.

საქართველოს ფოსტას არ გააჩნია საფოსტო გზავნილების ქსელი უცხოეთში, შესაბამისად, საქართველოდან საფოსტო გზავნილების გაგზავნისას, ან მიღებისას, მან უნდა ისარგებლოს სხვა საფოსტო ოპერატორებით, რათა გზავნილი გზაში არ შეფერხდეს, ან არ დაიკარგოს, რისთვისაც საჭიროა საქართველოს ფოსტას ქონდეს კავშირი ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა: UPS, DHL, TNT და FEDEX, მაგრამ ახალი კანონპროექტით ამ კომპანიებს საქართველოში სამუშაოდ დასჭირდებათ არა მარტო საქართველოს ფოსტის ქოლგის ქვეშ მუშაობა, არამედ მუშაობისთვის საფასურის გადახდაც..

UPS, DHL, TNT და FEDEX იძულებული იქნებიან დატოვონ საქართველოს ბაზარი, დახურონ ოფისები და შეწყვიტონ კლიენტთა მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფოსტა შემოიღებს დრაკონულ კანონს და გადაიქცევა მონოპოლისტად. ასეთი პრეცენდენტი დაფიქსირდა მხოლოდ ერთხელ - თურქმენეთში. იგივე კანონპროექტი ფაქტიურად გააკოტრებს საქართველოში არსებულ 40-მდე საშუალო და წვრილ კომპანიას, რომლებიც მუშაობენ საფოსტო გადაზიდვებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიებს მიეცემათ საშუალება არა საფოსტო გზავნილებად, არამედ ტვირთებად გააფორმონ 30 კგ-მდე წონის გზავნილები, მოსახლეობა მაინც დაზარალდება.

დღეს მოქალაქეს შეუძლია ინტერნეტით შეიძინოს ნივთი და რომელიმე კომპანიის მეშვეობით მიიღოს გზავნილი ისე, რომ არ დასჭირდეს არც საბაჟოზე მისვლა, არც დეკლარაციის შევსება და არც ბანკში მისვლა ბაჟის გადასახდელად. შემუშავებული კანონპროექტის მიღების შემდეგ, არსებული ვითარება რადიკალურად შეიცვლება: ყოველდღიურად საშუალოდ 5-6 ათას ადამიანს მოუწევს ტრანსპორტით გამგზავრება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში და შეძენილი ნივთების ლოდინი. განსაკუთრებით ზარალს ნახავენ ის მოქალაქეები, რომელთა შეძენილი ნივთები აღემატება 150$-ის ღირებულებას, დაზარალდებიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებიც და წვრილი ბიზნესმენებიც, რომლებიც თავიან ოჯახებს უგზავნიან ამანათებს.

კანონპროექტი, რომლის ლობირებასაც ცდილობს საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობა, ერთდროულად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, კონკურენციის პრინციპსა და მომხმარებელთა უფლებებსაც. ამ კანონს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი - სრული მონოპოლია მიანიჭოს ერთ კონკრეტულ კომპანიას, რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების კურსს - გაანთავისუფლოს საქართველო მონოპოლიებისგან. თუმცა არაა გამორიცხული, ხელისუფლებაში ამ კანონპროექტის შესახებ არც იცოდნენ.

„სთარგრუპის“ დირექტორი თეა მაჭავარიანი

( R )