კომპანია "ვიზეარმა" ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ავიარეისი ერთი კვირით გადადო.მიზეზად კომპანიაში უამინდობის გამო ქუთაისიდან თვითმფრინავის რეისის გაუქმებას ასახელებენ.
თავდაპირველად, მგზავრებს კომპანიაში 3 დეკემბრის რეისზე გადაუცვალეს ბილეთები, თუმცა აღნიშნულ რეისზე ბილეთები ამოიწურა და მგზავრებს შემდეგი რეისის ბილეთებს სთავაზობენ, რომელიც 7 დეკემბერს არის დაგეგმილი.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბარსელონადან იტყობინება, კომპანიაში აცხადებენ, რომ კვებას და სასტუმროს აღნიშნულ პერიოდში უზრუნველყოფენ, თუმცა მგზავრები გაფრენას დროულად მოითხოვენ და ამ პერიოდით ფრენის გადადებას ეწინააღმდეგებიან. სხვა შემთხვევაში, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბუდაპეშტიდან შეუძლიათ მგზავრებს ქუთაისში დაბრუნება, თუმცა ბილეთის საფასურის ანაზღაურებაზე უარს აცხადებენ.
"10 დღეა აქ ვართ და ფული აღარ გვაქვს. ერთი კვირა ვერ დავრჩებით, სამსახურები გვაქვს, ოჯახები გვყავს. წარმოუდგენელი სიტუაციაა. მოვითხოვთ, რამე იღონოს კომპანიამ და სამშობლოში ჩვენი დროული დაბრუნება უზრუნველყოს",- აცხადებენ მგზავრები.