Tesla-მ დღეში ათასი ელექტრომობილის წარმოება დაიწყო

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla Model 3-ის წარმოების მოცულობა დღეში ათას ავტომობილამდე გაზარდა. ამის შესახებ გამოცემა Electrek-ი წერს.

გამოცემას ამის დასტურად მოჰყავს ილონ მასკის წერილი, რომელიც მან მის ხელქვეითებს დაუგზავნა. მასში მასკი ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ დასახული გეგმა შესრულებულია, ახლა კი კომპანიის თანამშრომლებმა მთავარია შეინარჩუნონ წარმოების ეს ტემპი. „თუ თქვენ შეძლებთ რამენაირად დახმარებას Model 3-ის წარმოების შესანარჩუნებლად - ათასი ავტომობილის ოდენობით დღეში, თან ხარისხის შენარჩუნებით, ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნულია წერილში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მთავარ შემაკავებელ ფაქტორად ამ მომენტისთვის რჩება ძარას წარმოების ეტაპი, რაზეც თანამშრომლებმა ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინონ. გარდა ამისა, მასკი მიმართვაში მათ მოუწოდებს გამოვიდნენ იდეებით, რათა კიდევ უფრო შეამცირონ საწარმოო ხარჯები.

ამ დროისთვის Tesla-ს ელექტრომობილების წარმოება მხოლოდ ერთ ადგილას - ფრიმონტის ქარხანაში კალიფორნიაში ხდება, ხოლო ელემენტების რინოში, შტატ ნევადაში. 10 ივლისს კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება ახალი საწარმოს მშენებლობაზე ჩინეთში, შანხაის მახლობლად. მედიის ინფორმაციით, Tesla-ს ამ ქარხანაში წლიურად 500 ათასი ავტომობილის გამოშვება უნდა მოხერხდეს.

Model 3 - ეს არის კომპანიის სამოდელო გამაში ყველაზე დაბალფასიანი ელექტრომობილი, რომელიც საბაზისო კომპლექტაციით ერთჯერადი დამუხტვის შემთხვავში 350 კმ მანძილს ფარავს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია და 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6 წამზე ნაკლებს ანდომებს. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 35 ათასი დოლარია.

კოკა კვირკველია