ბიზნესასოციაცია - სავალდებულო აუდიტის ამოქმედებას ბიზნესსექტორისთვის პრობლემები არ შეუქმნია

2018 წლის პირველ ოქტომბრამდე კომპანიების ნაწილს სავალდებულო აუდიტის განხორციელება დაევალათ.ფინანსური ანგარიშგების წარდგენა პირველ და მეორე კატეგორიაში შემავალ ბიზნესოპერატორებს მოუწიათ. პირველ კატეგორიაში ფიქსირდებიან კომპანიები, რომელთა შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო მეორეში კი ისინი, რომელთა შემოსავალი 20-დან 100 მილიონ ლარამდე მერყეობს. საქართველოს ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ სავალდებულო აუდიტის ამოქმედებას ბიზნესსექტორისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

„სავალდებულო აუდიტის ამოქმედებამ კომპანიების ფინანსების მეტ გამჭვირვალობას შეუწყო ხელი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და უზრუნველყოფს ყველა მონაწილე კონტრაგენტისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, დაცულობას როგორც საბანკო სექტორისთვის, ასევე პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ასეთ რეფორმებს საწყის ეტაპზე ახლავს შეფერხებები, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სირთულეები არ ყოფილა“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ირაკლი ასლანიშვილმა.

სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული პრობლემებით ბიზნესს არც ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის მიუმართავს. როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიური დისკუსიები გაიმართა რეფორმის განხორციელებამდე.

„ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის ვალდებულება გარკვეული კატეგორიის კომპანიებს ეხება. ზაფხულში ჩვენ გვქონდა კომუნიკაციები და ყველა საკითხი იქნა გაზიარებული. საკითხთან დაკავშირებით იყო საკმაოდ აქტიური დისკუსია. ამ ეტაპზე რაიმე არსებითი შენიშვნა ბიზნესის მხრიდან არ დაფიქსირებულა.“- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ცნობისთვის, კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს. სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ: კომპანიებს, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება - 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი - 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ კომპანიებზე, რომელთაც აუდიტი არ ექნებათ ჩატარებული, ოქტომბრიდან გარკვეული სანქციები ამოქმედდება. პირველ ეტაპზე გაფრთხილება, ხოლო შემდეგ - ჯარიმა.

ქრისტინე გამთენაძე