ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შევიდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სანქციების გამკაცრების შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა და „დეპუტატების „დახმარებითა და მხარდაჭერით“ მალე იქნება მიღებული.ამის შესახებ თბილისის მერმა საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზეც. კერძოდ, მისი თქმით, გამკაცრდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, შემუშავდა მტვრის წარმოქმნის პრევენციის ნორმები, განხორციელდა მშენებლობის სატრანსპორტო შეფასებისა და დენდროლოგიური პროექტის ინტეგრირება.

„არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩვენ მიერ დენდროლოგიური პროექტი რომ არ იყოს შეთანხმებული, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მშენებლობა მიმდინარეობდა და ხდებოდა სკვერების გაჩეხვა, ხეების მოჭრა. შესაბამისად, იქ არ არსებობდა არანაირი მწვანე სივრცე, რომელიც დღეს აკლია ჩვენს ქალაქს. შესაბამისად, როდესაც მშენებლობის ნებართვის აღება ხდება, იქვე უნდა იყოს წარმოდგენილი გამწვანების პროექტი. ამის გარეშე მშენებლობის ნებართვის მიღება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ელექტროძრავიანი, მიკრო და დიდი ავტობუსები იმპორტისა და რეალიზაციის დამატებითი ღირებულებების გადასახადებისგან გათავისუფლდა.

„შევქმენით სპეციალური პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ადამიანს შეუძლია, წარმოადგინოს თავისი ხედვა, თავისი პროექტი, თუ რა შეიძლება, განვახორციელოთ ქალაქში და ამ მიმართულებით 2 კონკრეტული პროექტი უკვე განხორციელდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.